ახალი ამბები

ჩემი რეკომენდაციაა, საქმეს მიხედეთ – დეგნანი ევროკომისიის 12 პირობის შესრულებაზე

8 ივლისი, 2022 •
ჩემი რეკომენდაციაა, საქმეს მიხედეთ – დეგნანი ევროკომისიის 12 პირობის შესრულებაზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით არსებობს „კარგი გეგმები“ და ახლა საქმის კეთებაა საჭირო და არა საუბარი.

„მთავარია საქმის გაკეთება. და კარგი გეგმებია წარმოდგენილი „ქართული ოცნებისგან“, ოპოზიციისგან, სამოქალაქო საზოგადოებისგან. საჭიროა კანონმდებლობაზე მუშაობა, კანონმდებლობის ადაპტირება, რათა ეს 12 რეკომენდაცია რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს. ასე რომ, ჩემი რეკომენდაციაა, საქმეს მიხედეთ. საქმეს მიხედეთ, რათა რეალურად შეასრულოთ ეს რეკომენდაციები და უბრალოდ მათზე საუბრით ნუ შემოიფარგლებით“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა 8 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას.


2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა თანმხლები პირობებით, საქართველოს კი – არა.

სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

მანამდე, 17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა, სადაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობა წაყენა.

მოგვიანებით, პირველ ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 პუნქტის შესასრულებელი გეგმა წარადგინა.

მალევე „ოცნებისეული“ გეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის საკუთარი სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი