რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ზოგიერთი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიის ქვეყნების „გახლეჩას“ ცდილობს, რასაც რუსეთი „სიფრთხილით აკვირდება“.

ამის შესახებ მედვედევმა ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელე-რადიომაუწყებელთან, IRIB-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რაც შეეხება კავკასიას, დიახ, ცალკეული სახელმწიფოები ახლა იქ რაღაცის არევას ცდილობენ. ისინი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გახლეჩას ცდილობენ. ეს სიმართლეა. ჩვენ ამას სიფრთხილით ვაკვირდებით“, – თქვა მედვედევმა.

მისივე თქმით, თავდაპირველად „დასავლურმა სამყარომ“ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება შესთავაზა, თუმცა, მისი შეფასებით, „ამას კარგი არაფერი მოჰყოლია“.

„საქართველო NATO-ს წევრი დღემდე არ არის. მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა აცნობიერებს, რომ ეს, როგორც ჩანს, არასწორი მიდგომა იყო. ამ ყველაფერმა კონფლიქტამდე მიგვიყვანა“, – ამბობს მედვედევი.

მედვედევმა ასევე ისაუბრა სომხეთზე და თქვა, რომ იქ ვითარება იცვლება, რადგან ქვეყნის ხელისუფლებამ რესპუბლიკის განვითარების ვექტორის შეცვლა სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნია.

მისივე თქმით, რუსეთი დამოუკიდებლად აგვარებს საკუთარ რეგიონულ პრობლემებს, მათ შორის კავკასიაში.

„რუსეთი კავკასიის ნაწილია და ამიტომ არავის სჭირდება, რომ რეგიონის ქვეყნებთან ერთად ‘იმეგობროს, რათა ივაჭროს და განვითარდეს“, –  თქვა მედვედევმა.