ახალი ამბები

ვინ მონაწილეობდა 5 ივლისის ძალადობრივ დაჯგუფებაში – ანგარიში

8 ივლისი, 2022 • 954
ვინ მონაწილეობდა 5 ივლისის ძალადობრივ დაჯგუფებაში – ანგარიში

„მედიის განვითარების ფონდი“ 5 ივლისის ძალადობირივი ჯგუფების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმოხილულია როგორც ჯგუფის წევრთა შემადგენლობა, ასევე, მათი კავშირები საქართველოს საპატრიარქოსთან.

ანგარიში ორ ნაწილადაა გაყოფილი, პირველი ნაწილი აქციის მონაწილეებს შეეხება, მათ შორის, სოციალურ ქსელში მათ ე.წ. პროფილებსა და აქტივობას, ხოლო მეორე ნაწილი- პოლიტიკურ პარტიად გადაკეთებულ „ალტ-ინფოს“, რომელიც ავრცელებს ჰომოფობურ და პრორუსულ რიტორიკას.

კვლევის ერთ-ერთი ნაწილი ეთმობა აქციის მონაწილეთა იმ ნაწილს, რომელთა აქტივობები სპორტულ ცენტრებში „ფიზიკურ მომზადებას ეროვნული და გენდერული იდენტობის შენარჩუნების გზად სახავს“. ორგანიზაციების ანგარიში ასახელებს სამ ასეთ ადამიანს:

  •  ერმილე ნემსაძე, ყოფილი სამხედრო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კრემლთან დაკავშირებული ულტრამემარჯვენე პარტია “ქართული მარშის” მაჟორიტარობის კანდიდატი იყო;
  • ენრი ონიანი, რომელიც “ქართული მარშის” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიაში 21-ე ნომრად იყო წარდგენილი;
  • ჯარჯი ნონეშვილი, “MMA group მძლევარი-სამწევრისის” მწრთვნელი.

ანგარიში ეყრდნობა რამდენიმე მედიასაშუალებას და თავად აქციის მონაწილეთა პირად Youtube არხს. მაგალითად, 2020 წლის მარტში „ქლიქმედიამ“ მოამზადა ფილმი, სახელწოდებით „უფასოდ ვარჯიში “ქართული მარშისგან”, რომლითაც გაირკვა, რომ ულტრამემარჯვენე დაჯგუფება “ქართული მარში” მხარდამჭერებს სხვადასხვა სპორტულ დარბაზში უფასოდ ავარჯიშებდა. ერმილე ნემსაძე სავარჯიშოდ იმ ადამიანებს ეპატიჟებოდა, ვინც ფიქრობდა, რომ ეროვნულობის დაკარგვა რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა და საქართველოს მთავარი მტერი “სოროსის ფონდი” და დასავლური ღირებულებების მქონე ორგანიზაციები იყვნენ.

ამასთანავე, 2020 წლის ივნისში „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში „ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ დაადასტურა, რომ მოძრაობა ამ ახალგაზრდების ფიზიკურად მომზადებას უზრუნველყოფდა. 2020 წლის სექტემბერში ენრი ონიანმა უკვე “იუთუბის” პირად არხზე ვიდეო შემდეგი სათაურით ატვირთა: “უფასო დარბაზი ყველა ეროვნულად მოაზროვნე ადამიანისთვის“.

ანგარიშში ასევე მოყვანილია ფოტოები, რომლებიც ენრი ონიანმა და სხვებმა თავიანთ ფეისბუკ გვერდებზე ატვირთეს, ფოტოებში ჩანს როგორც სპროტული დარბაზის ინტერიერი, ასევე, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებთან ერთად ვარჯიშის ამსახველი კადრები.

ამას გარდა, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გარდა სასულიერო პირების ძალადობის წამახალისებელი რიტორიკისა, რომელიც წინ უსწრებდა  5 ივლისის მოვლენებს და ძალადობრივი ჯგუფების აქციაში სასულიერო პირების მონაწილეობა, ძსალადობრივი აქციის მონაწილეთა პროფილების ანალიზით გამოიკვეთა შემდეგი: ა) აქციის მონაწილეთა ნაწილი, მათ შორის ისინიც, ვინც ახალგაზრდების ფიზიკურად მომზადებაში არიან ჩართული, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჯვრების აღმართვის რიტუალებში, ე.წ. “ჯვაროსნულ მსვლელობაში” მონაწილეობს; ბ) ნაწილი “საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებასთან” არის დაკავშირებული.

ამასთანავე, კვლევის ავტორები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეები ასევე ფიგურირებდნენ ანტივაქსერულ და ნამახვან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ კამპანიებში.

სრულად ეს ანგარიში წაიკითხეთ აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი