ახალი ამბები

რა წყაროები ავრცელებენ დეზინფორმაციას კორონავირუსზე — MDF-ის ანგარიში

30 მარტი, 2021 •
რა წყაროები ავრცელებენ დეზინფორმაციას კორონავირუსზე — MDF-ის ანგარიში

“მედიის განვითარების ფონდმა” (MDF) წარადგინა 2020 წლის სოციალური და ტრადიციული მედიამონიტორინგის ანგარიში “ინფოდემია საქართველოში”, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებული მთავარი გზავნილების და ყალბი ინფორმაციის, ასევე, მათი წყაროების იდენტიფიცირებას ისახავს მიზნად.

MDF მონიტორინგის შედეგად, ტრადიციულ ქართულენოვან მედიაში ინფოდემიასთან დაკავშირებით 5 ძირითადი თემა გამოიკვეთა:

  1. პანდემიის/კორონას უარყოფა და კონსპირაციები ვირუსის წარმომავლობის შესახებ (37,8%);
  2. ვაქცინაცია (21,51%);
  3. ავტორიტარული ქვეყნები (რუსეთი/ჩინეთი) დასავლეთის საპირწონედ (17,9%);
  4. რელიგია და იდენტობა (13,5%);
  5. დიაგნოსტიკა, რეგულაციები და სხვა (9,7%).

ანგარიშის თანახმად, აქტუალური 5 თემიდან დომინირებდა კორონავირუსისა და პანდემიის უარყოფისა და ვირუსის წარმომავლობის საკითხები, რასაც ანტივაქსერული განწყობები მოსდევს. ეს უკანასკნელი წამყვანი თემა, ვაქცინის შემუშავების პარალელურად, წლის მეორე ნახევრიდან გახდა.

“კორონავირუსი წარმოჩენილი იყო, როგორც გლობალური კონტროლის დამყარების მიზნით თავსმოხვეული მოვლენა, რომელიც ხელოვნურად შექმნილია. ულტრანაციონალისტური ჯგუფები პოზიტიურად განიხილავდნენ პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვას, როგორც მიგრაციისა და უცხო ქვეყნების ექსპანსიის შეჩერების შესაძლებლობას. საზღვრების ჩაკეტვას როგორც ულტრანაციონალისტური „ქართული მარში“ (ირანთან და ჩინეთთან), ასევე, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ითხოვდა (ჩინეთთან). ვაქცინებთან მიმართებით ყველაზე გავრცელებული გზავნილი ჩიპიზაციას და ბილ გეიტსის მიერ მოსახლეობის დეპოპულაციის გეგმებს უკავშირდებოდა. დომინირებდა, ასევე, მოსაზრება, რომ ვაქცინებს/პრეპარატებს საქართველოს მსგავს მესამე ქვეყნებზე ცდიდნენ.

ზოგიერთ შემთხვევებში ისინიც, ვინც ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოსაზრებებს გამოთქვამდნენ, რუსული ვაქცინის უპირატესობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას და ყველაზე მკაფიოდ კრემლთან დაკავშირებული მედიების შემთხვევაში გამოვლინდა. კრემლის მიერ დაფუძნებული „სპუტნიკი“, ერთი მრივ, Sputnik V-ის უპირატესობის წარმოჩენას ცდილობდა, ხოლო მეორე მხრივ, ამკვიდრებდა აზრს, რომ რუსულ ვაქცინაზე დასავლეთი პოლიტიკური მოტივით ამბობს უარს… ჩინეთისა და რუსეთის მაგალითზე, ერთი მხრივ, სოციალისტური სისტემის და მათი ქმედებების პოზიტიურად წარმოჩენა და მეორე მხრივ, ევროატლანტიკური სკეპტიციზმის გაღვივება ხდებოდა”, — ნათქვამია ანგარიშში.

“მედიის განვითარების ფონდის” თანახმად, რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული “სპუტნიკის” და სხვა რუსული არხების გარდა, კრემლის პოზიციებს ახმოვანებდნენ ქართულენოვანი მედიებიც, რომლებიც მეტწილად პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული რუსეთთან: „საქართველო და მსოფლიო“, News Front საქართველო, tvalsazrisi.ge, საქინფორმი და ობიექტივი.

ანგარიშის თანახმად, ანტიდასავლური გამოცემებიდან პანდემიის შესახებ მცდარ ინფორმაციას და შეცდომაში შემყვან გზავნილებს გაზეთები „ასავალ-დასავალი“ და „ალია“ ავრცელებდნენ.

“ქლიქბეიტ” საიტებიდან, რომლებიც მეტწილად ეკონომიკურ მოგებაზე არიან ორიენტირებული, ნაწილი პოლიტიკური შინაარსის დეზინფორმაციას ავრცელებდა და ზოგიერთის IP მისამართი რუსეთში იყო განთავსებული, მათ შორის, ცნობილი დასავლური მედიასაშუალებების კლონირებული გვერდების, როგორიცაა CNN და BBC.

ფეისბუკში მოქმედი ყალბი ანგარიშების ნაწილი კი, MDF-ის აზრით, შესაძლოა რუსეთს უკავშირდებოდეს, რაზეც მეტყველებს როგორც ერთ-ერთი ანგარიშის url მისამართი, ასევე, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კრემლის პროპაგანდაში ჩართულ აქტორებთან შინაარსობრივი თანხვედრა, მათ შორის, ლუგარის ცენტრიდან კიბერთავდასხმის შედეგად გაჟონილი იდენტური დოკუმენტების გამოქვეყნების თვალსაზრისითაც.

ამასთან, გამოიკვეთა 14 ფეისბუკ ჯგუფი, რომელსაც რამდენიმე ანტივაქსერი მართავს. გამოვლინდა 30 ყალბი პროფილი, რომელთაგან 7 თავად არის ცალკეული ანტივაქსერული ჯგუფის ადმინისტრატორი, ხოლო დანარჩენი 23 ანტივაქსერულ პოსტებს მხოლოდ აზიარებს ან აკომენტარებს.

ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი