ახალი ამბები

“ანტიდასავლური გზავნილები და დეზინფორმაცია” – MDF-ის წინასაარჩევნო მონიტორინგი

16 ნოემბერი, 2020 • 1157
“ანტიდასავლური გზავნილები და დეზინფორმაცია” – MDF-ის წინასაარჩევნო მონიტორინგი

“მედიის განვითარების ფონდი” (MDF) წინასაარჩევო მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან გაკეთებული ანტიდასავლური და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილების, ასევე, ყალბი ინფორმაციისა და კამპანიების მონიტორინგის შედეგებს ასახავს.

მონიტორინგის ფარგლებში MDF აკვირდებოდა როგორც ტრადიციულ, ასევე, სოციალურ მედიას, მათ შორის, რეგიონულ მედიებსა და პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებულ სოციალურ ანგარიშებს.

ანტიდასავლური გზავნილები

MDF-ის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით,  პოლიტიკურმა სუბიექტებმა პირველი აგვისტოდან 25 ოქტომბრის ჩათვლით  157 ანტიდასავლური კომენტარი გააკეთეს, საიდანაც ყველაზე დიდი წილი დასავლეთის, როგორც ღირებულებითი სივრცის, ასევე, გეოგრაფიული და ინსტიტუციური ერთობის წინააღმდეგ იყო მიმართული.

პოლიტიკოსების წინასაარჩევნო ანტიდასავლური გზავნილები თემატიკის მიხედვით

ამასთან, ანტიდასავლურ გზავნილებში ყველაზე დიდი წილი “თავსმოხვეულ” ლიბერალურ კანონმდებლობას შეეხებოდა, მათ შორის, ანტიდისკრიმინაციული, ოჯახური ძალადობის და ბავშვთა საკითხების შესახებ კანონმდებლობის გადახედვასთან ერთად, “ქართული მარში” პირადობის მოწმობაში ეთნიკურობის გრაფის აღდგენისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონმდებლობის მიღების ინიციატივით გამოდიოდა.

ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი ანტიდასავლური კომენტარი, ასევე სიძულვილის ენის შემცველი განცხადება, პროკრემლისტურმა პარტიამ “პატრიოტთა ალიანსმა” გააკეთა; რომელსაც მოსდევს ულტრანაციონალისტური “ქართული მარში”. MDF-ის თქმით, “პატრიოტთა ალიანსი” და სხვა ულტრანციონალისტური სუბიექტები დეზინფორმაციულ გზავნილებსაც ყველაზე ხშირად ავრცელებდნენ.

პოლიტიკოსების წინასაარჩევნო ანტიდასავლური გზავნილები პარტიების მიხედვით

ორგაnიზაციაში აღნიშნავენ, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი სუბიექტების უმეტესობა ფიგურირებს სხვადასხვა დოკუმენტში, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლის ჩარევასთან დაკავშირებით გავრცელდა: კერძოდ, ცენტრ “დოსიეს” ჟურნალისტური გამოძიება შეეხება კრემლთან დაკავშირებულ “პატრიოტთა ალიანსს”, ხოლო ესტონეთის საგარეო დაზვერვის 2019 წლის ანგარიში – “ქართულ მარშსა” და პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართული ცენტრს.

ანგარიშის მიხედვით, “პატრიოტთა ალიანსმა” ყველაზე მეტი კომენტარი ნატოს (36) წინააღმდეგ გააკეთა, რაც MDF-ის განცხადებით, მეტწილად შეეხებოდა როგორც ინტეგრაციის მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას, ასევე, ნეიტრალიტეტის მხარდაჭერის აუცილებლობას. ნატოს მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები (22) და დასავლეთი (20).

“ქართული მარშის” ყველაზე მეტი განცხადება კი, ანგარიშის მიხედვით, მიმართული იყო დასავლეთის (16) და ჯორჯ სოროსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ (10).

“ქართული იდეის”(14) და დიმიტრი ლორთქიფანიძის შემთხვევაშიც (7) ყველაზე მეტი კომენტარი დასავლეთის წინააღმდეგ გაკეთდა, სადაც აქცენტი “თავსმოხვეული” ანტილიბერალური კანონმდებლობის გაუქმების აუცილებლობაზე კეთდებოდა. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ორივე განცხადება ნატოს შეეხებოდა.

პოლიტიკოსების გზავნილები პარტიებისა და თემატიკის მიხედვით

სიძულვილის ენა

ამავე პერიოდში, ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების სიძულვილის ენის შემცველი 140 კომენტარიდან ყველაზე დიდი წილი ქსენოფობიაზე მოდის, რასაც ჰომოფობიური შეფასებები თითქმის ნახევარჯერ ჩამორჩება.

სიძულვილის ენა ტიპოლოგიის მიხედვით

მედიამონიტორინგის მიხედვით, პოლიტიკოსების მხრიდან ყველაზე მეტი დისკრიმინაციული განცხადება “პატრიოტთა ალიანსის” (75) წარმომადგენლებმა გააკეთეს, რასაც მოსდევს “ქართული მარში” (37), “თავისუფალი საქართველო” (7), “ქართული იდეა” (5), “ქართული ფესვები” (4) და “ლელო”(4); ლეიბორისტების და ქართული ოცნების შემთხვევაში 2-2 მაგალითი გამოიკვეთა.

სხვადასხვაში კი- გაერთიანებულია ნაციონალური მოძრაობის, ჩვენი საქართველოს, ალექსანდრე ერქვანიას და დიმიტრი ლორთქიფანიძის თითო-თითო კომენტარი.

სიძულვილის ენა პარტიების მიხედვით

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ქსენოფობიური გზავნილების ყველაზე დიდი წილი თურქოფობიაზე (59) მოდის, რასაც MDF-ის თქმით, “პატრიოტთა ალიანსის” (51) ტრადიციული კამპანია განაპირობებდა, რომელიც მხარდამჭერების მობილიზებას ისტორიული ტრავმის გაღვივებით და რუსეთის საფრთხიდან ისტორიულ საფრთხეებზე ყურადღების  გადატანით ცდილობდა. ანგარიშის მიხედვით, შემდეგ ადგილზეა მიგრანტების (12) და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების წინააღმდეგ (6) გაკეთებული კომენტარები, რასაც არმენოფობიური შეფასებები მოსდევს.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, თურქოფობია პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო, რაც აისახა როგორც სარეკლამო კლიპებსა და ქუჩის გარე რეკლამაზე , სადაც აჭარა თურქეთის მიერ ოკუპირებულად იყო წარმოჩენილი, ასევე, ტრადიციული და სოციალური მედიით გაკეთებულ კომენტარებში.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ორგანიზაციის შეფასებით, შედარებით მცირე იყო ისლამოფობიური კომენტარები, რაც ძირითადად გამოვლინდა პარტიების რეგიონული წარმომადგენლების მხრიდან.

ყველაზე მეტი ჰომოფობიური კომენტარი კი “ქართულმა მარშმა” (22) გააკეთა, რომელსაც მოსდევენ “პატრიოტთა ალიანსი” (12), “ქართული იდეა” (5) და იდენტური მონაცემებით “ქართული ფესვები” (2), ლელო (2), თავისუფალი საქართველო (2).

ჰომოფობია პარტიების მიხედვით

დოკუმენტის ავტორების თქმით, პოლიტიკური ოპონირების ფარგლებში, ანტილიბერალური პარტიები მათ კონკურენტ ძალებს ხშირად “გეი- რევოლუციონერებად”, “ლგბტ კოალიციად”, “ლიბერასტ ურჯულოებად” მოიხსენიებდნენ და აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ ქართველ ხალხს არჩევანი გეი-რევოლუციონერებსა და ეროვნულ ძალებს შორის უნდა გაეკეთებინა.

პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში “მითების დეტექტორმა”პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული 22 დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსი გადაამოწმა. როგორც ანგარიშის ავტორები აცხადებენ, “პატრიოტთა ალიანსი” ყველაზე ხშირად ისტორიით მანიპულირებდა და ამ თემას თურქოფობიური განწყობების გასაღვივებლად იყენებდა.

“ქართული მარში” კი ,იდენტობის დაკარგვის საფრთხეების გარდა, ბალტიის ქვეყნების მიმართ კრემლის დეზინფორმციულ გზავნილებს იმეორებდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ “ქართული მარშის” წევრებმა ესტონეთის მოქმედი და ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტების, ასევე ,აშშ-ში საქართველოს ელჩის წინააღმდეგ 3 დეზინფორმაცია გაავრცელეს, რაც მიზანმიმართული დისკრედიტაციის ხასიათს ატარებდა.

ამასთან, კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების (პატრიოტთა ალიანსი, ქართული იდეა, ზვიად ტომარაძე) მიერ გავრცელებული კონსპირაციები ვირუსის არარსებობას და ვაქცინაციის საფრთხეებს შეეხებოდა.

რაც შეეხება პოლიტიკური სუბიექტები წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას, ანგარიშის მიხედვით, ოპოზიციის წინააღმდეგ გავრცელებული სხვა ყალბი ცნობები ძირითადად შიდაპოლიტიკური ხასიათის იყო, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში კრემლის პროპაგანდის მსგავსად, რელიგიური და სექსუალური იდენტობის დაკარგვის საფრთხეებით მანიპულირება ხდებოდა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მაგალითად, მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის წინააღმდეგ პროსახელისუფლები ტელეარხ “იმედზე” სამადაშვილის შესაძლო ფარული ჩანაწერი გავრცელდა, ფეისბუკში მისი გაყალბებული ციტატაც გამოქვეყნდა, სადაც ქვეყნის ყველაზე დიდ პრობლემად პატრიარქს და ეკლესიას ასახელებდა, რაც მიზნად ისახავდა ოპოზიციური პარტიის ეკლესიასთან მებრძოლად წარმოჩენას.

მეორე შემთხვევაში კი,  MDF-ის განცხადებით, ფოტომანიპულაციის შედეგად ხდებოდა ლგბტ თემის გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირება, რაც მიზნად ისახავდა ოპოზიციის საპროტესტო აქციიდან აქცენტის გადატანას ლგბტ თემზე.

წინასაარჩევნო დისკრედიტაციის კამპანიები

დოკუმენტის ავტორების განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიიციის წინააღმდეგ ყველაზე თვალსაჩინო 3 მადისკრედტირებელი კამპანია გამოიკვეთა, რომელთაგან უმეტესობა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს ეხებოდა და მხოლოდ ერთი – მიმდინარე კრიმინალურ ინციდენტს, როცა სახელისუფლებო ანგარიშებმა ბანკზე თავდასხმა ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშირეს, მძევლად აყვანილი პირის პარტიული კუთვნილების გამო.

ეს კამპანიებია:

  • “გარეჯი საქართველოა! წინა ხელისუფლებამ დავით გარეჯი აზერბაიჯანს მიჰყიდა”;
  • “ომი საააკაშვილმა დაიწყო”;
  • “ზუგდიდში ბანკის ძარცვა ნაციონალური მოძრაობის პროვოცირებულია”.

ყველაზე გავლენიანი დისკრედიტაციის კამპანია, რაც ხელისფულებამ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წინააღმდეგ წამოიწყო, MDF-ის თქმით, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის თემას ეხებოდა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს და რომლის დემარკაცია დასრულებული არ არის.

“აღნიშნული კამპანია აყალიბებდა ნარატივს, რომ ოპონენტები ეკლესიებს და სამშობლოს ჰყიდიან, ხოლო ხელისუფლება ამ საფრთხეების განეიტრალებს ახდენს. ეს კამპანია ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა ულტრანაციონალსტური და პრორუსული ძალებისთვის, რომლებიც საფრთხეების და ოკუპაციის კონტექსტში რუსეთთან ერთად აზერბაიჯანსაც განიხილავდნენ”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა წინასაარჩევნოდ ინიცირებული ეს გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს და აღნიშნული საქმე საყურადღებო იყო შემდეგი ფაქტორების გამო. კერძოდ, MDF-ის თქმით, საყურადღებოა გამოძიების დაწყების დრო და თანმხლები ნარატივი, რადგანაც საქმე საპარლამენტო არჩევნების წინ იყო ინიცირებული, რასაც თან ახლდა მმართველი პარტიის განცხდებები იმის შესახებ, რომ წინა ხელისუფლებამ აზეირბაჯანს ისტორიული ძეგლი მიჰყიდა, “ქართული ოცნება” კი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ახდენს.

ასევე, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ტოპოგრაფიული რუკები თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელმაც მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დავითგარეჯის საკითხზე დახმარება პირადად ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა .

კერძოდ, მედიის ინფორმაციით, ეს დოკუმენტები მან რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა. ამასთანავე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ გარეჯის თემაზე გამოძიების დაწყებას 2019 წელს თხოვდა  პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილიც.

გარდა ამისა, ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ ტელეკომპანია “იმედი”, რომელიც სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკას ატარებს, არჩევნების დღეს ეთერში გადიოდა სლოგანით “გარეჯი საქართველოა!”, რომელიც არჩევნების დღის შემდეგ ეთერიდან მოიხსნა. იდენტური სლოგანით ზიარდებოდა ფეისბუკზე “პატრიოტთა ალიანსთან”აფილირებული მედიაკავშირ “ობიექტივის” მასალები გარეჯზე.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ამ მიმართულებით ყურადღებაა გამახვილებული, ზუგდიდში მომხდარი თავდასხმაა. კერძოდ, “მითების დეტექტორმა” გამოავლინა 14 ფეისბუკ ანგარიში, ასევე, 4 სახელისუფლებო მედია, რომელიც ზუგდიდში მომხდარ ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში “ნაციონალური მოძრაობის” კვალს იმ მიზეზით ხედავდა, რომ ერთ-ერთი მძევალი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი აღმოჩნდა.

MDF-ის განცხადებით, აღნიშნულმა გვერდებმა ამ თემაზე ჯამურად 13 დაფინანსებული პოსტი გამოაქვეყნეს:

“ოპერაციის მსვლელობის პროცესშივე სოციალურ ქსელში ანტიოპოზიციურმა და პროსახელისუფლებო გვერდებმა კამპანია წამოიწყეს, რომელიც მომხდარს ოპოზიციურ პარტია ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებდა და მას სახელმწიფოს დესტაბილიზაციისათვის ორგანიზებულ ინცინდენტად აფასებდა.

გავრცელებულ ნარატივს თან ახლდა მძევალ ირაკლი კვარაცხელიას მიერ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოსურათები, ასევე ამოჭრილი კადრი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ლაივ-მიმართვიდან, რომელშიც ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისგან სიურპრიზებს უნდა დაელოდოს” ,- ვკითხულობთ ანგარიშში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი