ახალი ამბები

დაბალი ბარიერი ამ ქვეყანას სჭირდება და არა ევროკომისიას, ამით ვერ დააშანტაჟებ – იოსელიანი

7 ივლისი, 2022 • 527
დაბალი ბარიერი ამ ქვეყანას სჭირდება და არა ევროკომისიას, ამით ვერ დააშანტაჟებ – იოსელიანი

“მოქალაქეების” ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერი საქართველოს სჭირდება და არა ევროკომისიას, რომელსაც ბარიერის არდაწევით ვერ დააშანტაჟებენ.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” დღეს ევროკომისიასთან ვაჭრობის რესურსი არ აქვს.

იოსელიანი ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდი დაეთანხმება საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის დაწევას, თუკი ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს მიმდინარე წლის დეკემბრისთვის.

“პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება ყველას მიერ, რომ ჩვენ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში შემდგომი არჩევნები ჩატარდეს გახსნილ, პლურალისტურ გარემოში, სადაც განსხვავებულ პარტიებს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ექნებათ საშუალება გადალახონ ბარიერი და პარლამენტში შემოვიდნენ.

ეს თუ არ მოხდა და 5%-იანი ბარიერის პირობებში მხოლოდ ორმა პარტიამ შეძლო პარლამენტში შემოსვლა, ეს ამ ქვეყანას იმდაგვარი დაპირისპირების წინაშე დააყენებს, რომელიც მთელი ეს 30 წელია არსებობს და რამაც ცუდის მეტი არაფერი მოგვიტანა“, — მიიჩნევს იოსელიანი.

მისივე მოსაზრებით, პოლიტიკური პროცესი მაშინ არის წარმატებული, როცა გარეთ არსებული განწყობები პარლამენტშია ასახული – პარლამენტშია დებატები და არა ქუჩაში.

როგორც იოსელიანი ამბობს, თუ ვინმეს უნდა, ქვეყანა განწირული იყოს მიტინგებისთვის და “გადადექის” ძახილისთვის, ეს 5%-იანი ბარიერის პირობებში გარანტირებული იქნება.

„დეპოლარიზაციას ხელს საარჩევნო ბარიერის დაწევა შეუწყობს, არ ვფიქრობ, რომ დღეს „ქართულ ოცნებას” იმის რესურსი აქვს, ამით ევროკომისიას ევაჭროს. მათ კონკრეტული დღის წესრიგი მოგვცეს. თუ შეასრულებენ, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. ევროკომისიის მიმართ იყო გზავნილი, სტატუსი მოგვეცით და ჩვენ მივიღებთ დაბალ ბარიერსო. დაბალი ბარიერი ამ ქვეყანას სჭირდება და არა ევროკომისიას. საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩვენ უნდა გველაპარაკონ, არგუმენტი ჩვენგან უნდა მოისმინონ. თორემ, ევროკომისიას ამით ვერ დააშანტაჟებ, მათ 12 პუნქტის შესრულება სჭირდებათ”,- განაცხადა იოსელიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი