რესპუბლილური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ევროკავშირს შანტაჟის ენით ესაუბრება.
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი იმ შემთხვევაში დაეთანხმება საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის დაწევას, თუკი ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.
სამნიძის თქმით კი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთელ ქვეყანას არცხვენს.
როგორც ხათუნა სამნიძე ამბობს, “ოცნების” მიზანია, მთელი ოპოზიცია რადიკალებად გამოაცხადოს, რათა ევროკავშირს უთხრას, რომ მას არ ჰყავს ისეთი ოპოზიცია, რომელთანაც ერთ მაგიდასთან დაჯდომა შეიძლება.
“ეს განცხადება გაკეთდა მიზანმიმართულად. “ქართული ოცნების” ერთადერთი საშუალებაა, რომ პრობლემა შეექმნას ქვეყანას სტატუსის მისაღებად და ეს ოპოზიციას დაბრალდეს და ხელი გაიშვირონ ოპოზიციისკენ. სრული რადიკალიზაციაა ვითარების და ამისთვის ისინი გააკეთებენ ყველაფერს. მათთვის მოულოდნელი იყო, რომ შეხვედრაზე პარტიების ნაწილი მიდის სასაუბროდ საკუთარი დღის წესრიგით და, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნება” აკეთებს ყველაფერს. და კობახიძე ამ განცხადებით ცდილობს, ყველა ოპოზიციური პარტია, ისინიც კი, ვინც ცდილობს ცდა არ დააკლოს 12 პუნქტის შესრულებას და კიდევ აგრძელებს შეხვედრებს “ქართულ ოცნებასთან”, ყველა ერთ კუთხეში მიდევნოს და დაარქვას რადიკალური ოპოზიცია. ამით ხელი გაიშვიროს ისევ ოპოზიციისკენ და უთხრას დასავლელ პარტნიორებს, რომ ოპოზიცია ჰყავს რადიკალი, არ დგამს არცერთ ნაბიჯს დეპოლარიზაციისკენ და არ ხვდება “ქართულ ოცნებას”.
ასეთი მიზანმიმართული განცხადების შემდეგ პირიქით, ჩვენ უნდა ჩავერთოთ პროცესში, რომ “ოცნებამ” წარმოადგინოს, რას აპირებს კობახიძის ამ სამარცხვინო განცხადების შემდეგ. რომ შანტაჟის ენით საუბარი მან უკვე დაიწყო ევროკავშირთან”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ბოლო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ერთჯერადად, ბუნებრივი ბარიერის ფარგლებში ჩატარდა [120 დეპუტატი აირჩიეს პროპორციული, 30 მაჟორიტარული წესით].
კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის თანახმად კი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით, 5%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს.
2020 წლის არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით დადებული „შარლ მიშელის“ [იგივე 19 აპრილის] შეთანხმებით, პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს ვალდებულება, რომ გატარდებოდა საარჩევნო რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ბარიერი განისაზღვრებოდა „ბუნებრივიდან 2%-მდე“.
თუმცა ეს შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის აგვისტოში დატოვა.
ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ საარჩევნო ბარიერს დაწევდა, თუმცა მალევე დაიწყო საუბარი არა 2, არამედ 3%-იან ბარიერზე.
ცვლილებები პარლამენტმა 2021 წლის სექტემბერში პირველი მოსმენით მიიღო, სადაც ბარიერად 2% განისაზღვრა, თუმცა მეორე-მესამე მოსმენა არ გამართულა და ძალაში არ შესულა.
ამჟამად ირაკლი კობახიძე კვლავ მიუთითებს კონსტიტუციის არსებულ ჩანაწერზე, რომელიც 2024 წლიდან 5%-იან ბარიერს აწესებს, ბარიერის 2%-მდე დაწევასთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ აღნიშნულ ვალდებულებას იღებს არა ქართული ოპოზიციური პარტიების, არამედ ევროკავშირის წინაშე.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი დიდი ხანია, „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, მიიღოს ეს ცვლილებები.
ამასთან, მართალია, ევროკომისიას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12 პირობის ჩამოყალიბებისას, არ დაუკონკრეტებია, როგორი საარჩევნო ბარიერი უნდა დაწესდეს, თუმცა ერთ-ერთ პირობად დაასახელა „პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება 19 აპრილის შეთანხმების [„შარლ მიშელის დოკუმენტის“] სულისკვეთებით პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით“. შარლ მიშელის შეთანხმება კი „ბუნებრივიდან 2%-მდე“ ბარიერს ითვალისწინებს.