ახალი ამბები

40-ზე მეტი ქვეყანა უკრაინის აღდგენის დეკლარაციას შეუერთდა

5 ივლისი, 2022 • 705
40-ზე მეტი ქვეყანა უკრაინის აღდგენის დეკლარაციას შეუერთდა

შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში უკრაინის აღდგენის შესახებ ორდღიანი კონფერენცია გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც 40-მდე ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას.

დეკლარაციის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ უკრაინას ადრეულ და გრძელვადიანი აღდგენის გზაზე. დეკლარაცია მხარს უჭერს უკრაინის ევროპულ პერსპექტივას და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის აღდგენა უნდა მოხდეს თავად კიევის გეგმის მიხედვით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

დეკლარაციაში ყურადღება გამახვილებულია უკრაინაში რეფორმების გატარების აუცილებლობაზეც და ნათქვამია, რომ აღდგენის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული უკრაინის ხალხის წინაშე.

„ლუგანოში მიღებულ იქნა კონფერენციის დასკვნითი დეკლარაცია, რომელშიც სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურები, მინისტრები და უმაღლესი წარმომადგენლები პირობას დებდნენ, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინას აღდგენის გზაზე. უკრაინის ხელმძღვანელობით აღდგენისა და განვითარების გეგმის პროექტი აღიარებულ იქნა ძირითად ჩარჩო-დოკუმენტად, რომელიც ადგენს აღდგენის პროცესის მიმართულებას. კონფერენციის ყველა პატივცემულმა მონაწილემ მხარი დაუჭირა უკრაინის მთავრობასა და ყველა ორმხრივ და მრავალმხრივ პარტნიორს, ორგანიზაციასა და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციას შორის საკოორდინაციო პლატფორმის შექმნას გეგმის მომზადებისა და განხორციელებისთვის“, — აცხადებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.

ამჟამად უკრაინა აღდგენის ღირებულებას 750 მილიარდ ევროდ აფასებს.

2017 წლიდან ყოველწლიურად იმართება უკრაინის რეფორმების კონფერენცია, მაგრამ წელს უკრაინის აღდგენის კონფერენცია დაერქვა. როგორც წესი, უკრაინისთვის ეს არის შესაძლებლობა, აჩვენოს პროგრესი, რომელსაც მიაღწია და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოხატონ მხარდაჭერა მისდამი.

უკრაინის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დეკლარაციის თანახმად, დოკუმენტზე ხელმომწერები არიან: ალბანეთი, ავსტრალია, ბელგია, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, ისლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა,  ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სამხრეთ კორეა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ, ასევე, ევროპის საბჭო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკომისია, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ეკონომიკური თანამშომლობისა და განვითარების ორგანიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი