ახალი ამბები

5 ივლისს „პრაიდის“ ოფისში შეჭრაში ბრალდებულები 5000-5000 ლარით დააჯარიმეს

4 ივლისი, 2022 • 741
5 ივლისს „პრაიდის“ ოფისში შეჭრაში ბრალდებულები 5000-5000 ლარით დააჯარიმეს

„თბილისი პრაიდის“ განცხადებით, 5 ივლისს მათ ოფისში შეჭრაში ბრალდებულები სასამართლომ 5000-5000 ლარით დააჯარიმა.

ორგანიზაციის დირექტორის, მარიამ კვარაცხელიას თქმით, ბრალი 3 პირს ჰქონდა წაყენებული. მისი განცხადებით, სასამართლომ ვერც ერთი მათგანის შემთხვევაში ერ დაინახა ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები და მათ ბრალი მხოლოდ ბინაში უნებართვოდ შეჭრის მუხლით დაუკვალიფიცირა (სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლი) ორი დამამძიმებელი გარემოებით, ჯგუფურად და ძალადობის მუქარით. ამასთან, ბრალდება არ შეიცავს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კომპონენტს.

კვარაცხელია აღნიშნავს, რომ პრობლემურია ისიც, რომ ბრალი მხოლოდ 3 ადამიანს ჰქონდა წარდგენილი მაშინ, როცა ინციდენტის ამსახველ კადრებში მინიმუმ 10 პირი ჩანდა.

5 ივლისს თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები, საპატრიარქოს ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი