ახალი ამბები

კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი, იმავეს გავაკეთებდი – კობახიძე ვატო წერეთელზე

1 ივლისი, 2022 • 779
კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი, იმავეს გავაკეთებდი – კობახიძე ვატო წერეთელზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დეპუტატების მიერ ვატო წერეთლის ფიზიკური შეურაცხყოფა მოხდა კანონისა და ეთიკის ფარგლებში.

დღეს 1 ივლისს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ  მომხდარს პროვოკაცია უწოდა. შემდეგ კი თქვა:

„რაც შეეხება გაგრძელებას, ესეც მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი. ესა და ეს. კანონისა და ეთიკის ფარგლებში მან მიიღო პასუხი და მისი პროვოკაცია პასუხგაუცემელი არ დარჩა“, – აცხადებს კობახიძე.

კობახიძე აბსურდს უწოდებს იმ შესაძლებლობას, რომ დეპუტატებმა მომხდარის გამო მანდატები დატოვონ – „მას სჭირდება, რა თქმა უნდა, სათანადო რეაგირება. ამას ვიტყოდი ერთადერთი“.

ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს, თავად რომ ყოფილიყო საელჩოს ტერიტორიაზე, როგორ მოიქცეოდა; ასევე, ვატო წერეთლის მხრიდან რა კონკრეტულ პროვოკაციაზეა საუბარი. მანამდე თავად ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ  წერეთელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ჩვენ ვიცით, რა თქმა უნდა, მაგრამ არ გავიმეორებთ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. არ დავეშვებით ჭუტას [ვატო წერეთლის მეტსახელი] დონეზე. ეს არის ძალიან მარტივი რამ. არასდროს დავეშვები ჭუტას დონეზე და ანრის დონეზე ვარ მე ახლა, შემიძლია გითხრათ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამ პროვოკაციას ეთიკისა და კანონის ფარგლებში გაეცა სათანადო პასუხი, შესაბამისად, ჩემი პოზიციაც ნათელია – მეც იმავეს გავაკეთებდი, რა თქმა უნდა,“.


„ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ასახელებს ანრი ოხანაშვილს, ირაკლი ზარქუას, ლევან მგალობლიშვილსა და ბექა ოდიშარიას.

თავად ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ წერეთელმა პროვოკაცია მოუწყო და მან „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა,“.

წაიკითხეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი