ახალი ამბები

არაკომპეტენტურია, ზურაბიშვილის რეკომენდაციით იყო მოყვანილი – ვოლსკი საფრანგეთის ელჩზე

1 ივლისი, 2022 • 527
არაკომპეტენტურია, ზურაბიშვილის რეკომენდაციით იყო მოყვანილი – ვოლსკი საფრანგეთის ელჩზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა კატუკია არაკომპეტენტური იყო და ელჩის თანამდებობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით დაინიშნა.

ამასთან, ვოლსკის თქმით,  უსაფუძვლოა თეა კატუკიას განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ზეწოლასთან დაკავშირებით.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს არავითარი საფუძველი იმისა, რომ რაიმე ზეწოლა მოახდინოს, მით უმეტეს, ელჩზე, არ გააჩნია. რასაკვირველია, აქ კომპეტენციის თემაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოფილი ელჩი ცუდი ადამიანია, მაგრამ ფაქტია, რომ ის არაკომპეტენტურია და საგარეო საქმეთა სამინისტრომ გარედან მოიყვანა სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით. თავად სალომეც [ზურაბიშვილი] საუბარში აღიარებდა, რომ მისი კომპეტენცია მნიშვნელოვნად სცილდება იმ დონეს, რაც ელჩს უნდა გააჩნდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თეა კატუკია საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და UNESCO-ში მუდმივ წარმომადგენლად 2019 წელს დაინიშნა. თუმცა სამი წლის მანძილზე, სანამ ის ელჩად მუშაობდა, ხელისუფლებას მისი კომპეტენცია არ გაუკრიტიკებია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კატუკიას არაკომპეტენტურობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველი გუნდის კრიტიკა დაიწყო.


თეა კატუკიამ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება დღეს, 1 ივლისს, გაავრცელა. მიზეზად კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან “მუდმივ რეჟიმში განხორციელებული” ზეწოლა დაასახელა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ცილისწამებას უწოდებს საფრანგეთში საქართველოს ელჩის თეა კატუკიას ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას და ამბობს, რომ სამინისტრო მისი მუშაობით უკმაყოფილო იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი