საზოგადოება

საფრანგეთში საქართველოს ელჩი აცხადებს, რომ თანამდებობა ზეწოლის გამო დატოვა

1 ივლისი, 2022 • 3282
საფრანგეთში საქართველოს ელჩი აცხადებს, რომ თანამდებობა ზეწოლის გამო დატოვა

საქართველოს ელჩმა საფრანგეთში, თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა, მიზეზად კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან “მუდმივ რეჟიმში განხორციელებულ” ზეწოლას ასახელებს. ამის შესახებ კატუკიამ განცხადება დღეს, 1 ივლისს გაავრცელა.

მისი თქმით, გადადგომის თაობაზე განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრს 1 მაისს წარუდგინა, რომელიც ძალაში დღეს შევიდა:

“გადადგომის თაობაზე ჩემს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან ჩემზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა.
იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 25 წელიწადი გავატარე საფრანგეთში და ვფლობ საფრანგეთის მოქალაქეობას, თანამდებობაზე დათანხმებისას არ მიფიქრია, რომ საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა საზღვარგარეთ ჩემი განვლილი პროფესიული გზა და ჩემი პოლიტიკური მიუკერძოებლობა.

პირველივე დღიდან გავხდი საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფუნქციის შესრულება მომიწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში, რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკიდან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ვიცავ, და იმ მიზნებსა და მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მიმართ გამაჩნია.

ღრმად მჯერა, ზემოთ აღნიშნული ქმედებები, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოსთვის მიუღებელია, არ ასახავს ქართული საზოგადოების რეალობას. ჩვენი საზოგადოების მისწრაფებები ეფუძნება თავისუფლებისა და სამართლიანობის ღირებულებებს – იმ ფასეულობებს, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ფუნდამენტური და განუყოფელია და რომლებიც გვაკისრებენ ერთიანობისა და პასუხისმგებლობის ვალდებულებას”, – წერს კატუკია.

ყოფილი ელჩის თქმით, საქართველოს დიპლომატიური სამსახური მნიშვნელოვანი საკადრო და სტრუქტურული პრობლემების წინაშე დგას, რაც ქვეყნის ეფექტური საგარეო პოლიტიკის გატარებაში უშლის ხელს.

თეა კატუკია საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და UNESCO-ში მუდმივ წარმომადგენლად 2019 წელს დაინიშნა.

“ნეტგაზეთი” კატუკიას განცხადებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

განახლება: საგარეო საქმეთა სამინისტრო კატუკიას განცხადებიდან რამდენიმე საათში გამოეხმაურა და ყოფილი ელჩის ნათქვამს ცილისწამება უწოდა:

“გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში.

სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა”, – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი