ახალი ამბები

“გიყვარდეს ის, ვინც გიყვარს – დემოკრატიის მნიშვნელოვანი კომპონენტია” – UK-ის ელჩი

30 ივნისი, 2022 • 884
“გიყვარდეს ის, ვინც გიყვარს – დემოკრატიის მნიშვნელოვანი კომპონენტია” – UK-ის ელჩი

ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ქვიარ უფლებების მხრივ ბრიტანეთის გამოცდილების შესახებ საუბრობს.

ელჩის თქმით, ბრიტანეთი წელს აღნიშნავს პირველი პრაიდიდან 50 წლის იუბილეს. თუმცა, ელჩის თქმით, ქვიარ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა ბრიტანეთში ყოველთვის იმგვარი არ ყოფილა, როგორიც ახლაა:

“მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, აქ ვიყო და მონაწილეობა მივიღო ამ მნიშვნელოვან კონფერენციაში ლგბტქი უფლებებზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ბრიტანეთი წელს აღნიშნავს პირველი პრაიდიდან 50 წლის იუბილეს, თუმცა ყველაფერი თავიდანვე ასე როდი იყო?! პირველი მარშის დროს ინგლისში ჰომოსექსუალობა ლეგალური გახდა მხოლოდ 5 წლით ადრე. შოტლანდიაში კი ლეგალური 1981 წლამდე არ გამხდარა. როდესაც ამ გაბედულმა ადამიანებმა პირველი მარში გამართეს 50 წლის წინ, ეს ის დრო იყო, როცა სექსუალური ორიენტაციის გამო შეიძლება სამსახურიდან გაეთავისუფლებინეთ ან ფიზიკური საფრთხის წინაშე დამდგარიყავით. ვერ მივაღწევდით მიმღებლობის იმ დონეს, რაც ახლა ბრიტანეთში გვაქვს, ადამიანის უფლებებზე მომუშავე პირების, განსაკუთრებით კი, ლგბტქი აქტივისტების გარეშე, რომლებმაც შეცვალეს სისტემა“, – ამბობს კლეიტონი.

თუმცა, მისი თქმით, გამოწვევები, რომლის წინაშეც ბრიტანელი აქტივისტები იდგნენ, განსხვავდება იმისგან, რაც საქართველოშია. კერძოდ, ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, მის ქვეყანაში აქტივისტებს არ უწევდათ დაპირისპირებოდნენ დეზინფორმაციის კამპანიას, რომელიც მოდიოდა მტრულად განწყობილი სახელმწიფო აქტორების მხრიდან და აქტიურად მანიპულირებენ ლგბტქი საკითხებით:

„გიყვარდეს ის, ვინც გიყვარს, ბრიტანული ღირებულებების საფუძველი და ყველა დემოკრატიის მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – ამბობს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში.

თბილისის პრაიდის კვირეული თბილისში დახურულ სივრცეებში იმართება. უკვე წლებია ლგბტქ+ ადამიანები კვირეულის აღნიშვნას ღია სივრცეებში თავისუფლად ვერ ახერხებენ ძალადობრივი ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხის გამო. გასული წლის 5 ივლისს პრაიდის წინააღმდეგ ორგანიზებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენლებზე, რომლებიც სწორედ პრაიდის გაშუქებას აპირებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადამიანი პასუხისგებაში მისცეს, ორგანიზატორები ამ დრომდე არ არიან დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი