ახალი ამბები

ვტოვებთ რექტორის კაბინეტს, თუმცა პროტესტი არ სრულდება – თსუ-ს სტუდენტური მოძრაობა

25 ივნისი, 2022 • 1223
ვტოვებთ რექტორის კაბინეტს, თუმცა პროტესტი არ სრულდება – თსუ-ს სტუდენტური მოძრაობა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი, ვინც 10 ივნისს რექტორის კაბინეტი დაიკავა, აცხადებს, რომ მათი მოთხოვნების ნაწილი შესრულდა და ისინი რექტორის კაბინეტს ტოვებენ. ამის შესახებ განცხადება სტუდენტურმა მოძრაობამ “ბრძოლა განათლებისთვის” დღეს, 25 ივნისს ფეისბუკზე გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტუდენტების რამდენიმეთვიანმა პროტესტმა კონკრეტული შედეგები გამოიღო, მათ შორის უნივერსიტეტში “ნაწილობრივ, სისტემური ხარვეზებით” დაინერგა ჰიბრიდული სწავლება, საერთო საცხოვრებელი მიმდინარე სემესტრში გახდა უფასო, გაიხსნა დამატებით ორი საგამოცდო ცენტრი, ასევე ლისის საერთო საცხოვრებლის მესამე კორპუსი, რომელიც “მეტ-ნაკლებად აღიჭურვა ტექნიკით”. გარდა ამისა, სტუდენტების განცხადებით, წამოჭრილ პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრები მოეწყო სახელმწიფო უწყებასთან და უნივერსიტეტთან.

“არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ვტოვებთ კაბინეტს, მაგრამ ეს არის არა დასასრული პროტესტის ტალღისა, არამედ დასაწყისი ახალი პროგრესული წინააღმდეგობის. ჩვენი ბრძოლის პრინციპილობის შედეგად ხმა გავაგონეთ სისტემას, სტუდენტების პრობლემები გახდა ფართო დისკუსისს საგანი. მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, ლექტორს, ვისთვისაც განათლების საყოველთაოობა, თანასწორობა და სოციალური კეთილდღეობა შეუცვლელი ღირებულეება, შემოგვიერთდნენ რეალური ცვლილებებისთვის ბრძოლაში”, – აღნიშნულია სტუდენტური მოძრაობის განცახდებაში.

გარდა ამისა, სტუდენტები განცხადებაში განმარტავენ, რომ უნივერსიტეტში დემოკრატიის ხარისხის შედარებით გასაუმჯობესებლად, რექტორის არჩევის წესის ცვლილების საჭიროებას ხედავენ. მათი თქმით, რექტორი უნდა აირჩეს აკადემიური პერსონალის სრული ჩართულობით “და არა 38 წევრისგან დაკომპლექტებული აკადემიური საბჭოს მიერ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სახელისუფლებო ვერტიკალი მუდმივად ცდილობს საკუთარი ინტერესების გატარებას საუნივერსიტეტო სივრცეში. თსუ არაერთხელ გამხდარა მსგავსი კონტროლის ობიექტი”.

სტუდენტური მოძრაობა ასევე აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტისგან და სახელმწიფოსგან ქმედითი პასუხები არ მიუღიათ და “ყოველი დაპირება ფასადური აღმოჩნდა”.

“10 ივნისის აქცია, რომელიც დასრულდა რექტორის კაბინეტის დაკავებით იყო პასუხი რექტორატისა და აკადემიური საბჭოს მხრიდან სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გაუთვალისწინებლობასა და დაცინვაზე. აღნიშნული სივრცე წარმოადგენს ადგილს, საიდანაც ჩვენ ხმა გავაგონეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებიც არ ითვალისწინებდნენ სტუდენტებისათვის საჭირო სოციალურ პოლიტიკას. რექტორის კაბინეტი იქცა ერთგვარ თავშესაფრად სტუდენტებისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც ჰქონდა საცხოვრისის პრობლემა. სრულად ვიაზრებთ, ამ სივრცის სიმბოლურ ღირებულებას, რითაც გაჯიუტებულ ბიუროკრატებს ვაიძულეთ გადაეხედათ საკუთარი პოზიციისთვის”, – განმარტებულია განცხადებაში.

“ბრძოლა განათლებისთვის” განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თუ უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები დროულად არ დასრულდება ქმედითი ნაბიჯების გადადგმით, სტუდენტები პერმანენტულ პროტესტს განაგრძობენ. ამასთან, ისინი სახელმწიფოს სტუდენტებისთვის ისეთი სოციალური პოლიტიკის შემუშავებისკენ მოუწოდებენ, რომელიც ქვეყანაში სტუდენტურ ცხოვრებას გააჯანსაღებს, მათ შორის ითხოვენ საერთო საცხოვრებლის მშენელობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი