ახალი ამბები

რამდენი ადამიანი ესწრებოდა 24 ივნისის აქციას

24 ივნისი, 2022 • 8656
რამდენი ადამიანი ესწრებოდა 24 ივნისის აქციას

რამდენი ადამიანი მონაწილეობდა 24 ივნისს თბილისში, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაში? „ნეტგაზეთის“ მიერ აქციის მონაწილეთა რაოდენობის მიახლოებითი დათვლით მათი რაოდენობა მინიმუმ 60 ათასი იყო, მაქსიმუმ კი — 80 ათასი.

დემონსტრაციისა თუ სხვა ხალხმრავალი ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობის ზუსტად გამოთვლის მცდელობა ამაოა. შესაძლებელია მხოლოდ მიახლოებითი მასშტაბების დადგენა, რისთვისაც „ნეტგაზეთმა“ გამოიყენა მეთოდი, რომელსაც მრავალი წელია, არაერთი საერთაშორისო მედიასაშუალება მიმართავს.

მეთოდი გულისხმობს აკურატულად გამოთვლას იმ ტერიტორიის ფართობისა, რომელზეც კონკრეტული აქციის მონაწილეები არიან განლაგებულნი. მიღებული ფართობი შეიძლება გამრავლდეს სამზე, ღონისძიების განსაკუთრებული სიმჭიდროვის შემთხვევაში კი — ოთხზე

24 ივნისს — “შინ, ევროპისკენ” — დემონსტრაციის მონაწილეები ფარავდნენ ტერიტორიას მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან პირველი სკოლის უკიდურეს კიდემდე.

საორიენტაციოდ სწორედ ეს ტერიტორია ავიღეთ, რომლის ფართობი 20 000 კვ.მ.-ს შეადგენს.

ტერიტორიის ფართობი გავამრავლეთ 3-ზე, 3.5-სა და 4-ზე.

მიღებული მიახლოებითი შედეგის თანახმად გამოდის, რომ 24 ივნისის აქციაში, მინიმუმ, 60 000 ადამიანი მონაწილეობდა, საშუალოდ — 70 000, მაქსიმუმ კი — 80 000.

აღნიშნული რიცხვები არ ასახავს აქციის მონაწილეთა ზუსტ რაოდენობას. მისი დადგენა, როგორც ამ, ისე სხვა მეთოდების გამოყენებით, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ზემოხსენებული მეთოდით „ნეტგაზეთმა“ მხოლოდ მიახლოებითი რაოდენობა დათვალა.

რა ხდება?

თბილისში, რუსთაველი გამზირზე საპროტესტო აქცია 24 ივნისს, საღამოს 8 საათზე დაიწყო.

24 ივნისს გამართულ მასშტაბურ აქციაზე ორგანიზატორებმა წამოაყენეს მთავარი მოთხოვნა – ერთი კვირის ვადაში გადადგეს პრემიერ მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც შეასრულებს ევროკავშირის 12 მოთხოვნას, სანამ ზამთარი მოვა“.

„სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ 3 ივლისს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაიძვრება ხალხი და პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია.

„და დავრჩებით აქ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია!“ — თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

დიღმელაშვილის თქმით, საქართველოს დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება, თუ არ გადადგება მთავრობა. ასევე, დეოლიგარქიზაციის გარეშე საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი.

მასშტაბური საპროტესტო მოძრაობის დაწყების მიზეზი გახდა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველომ კი მხოლოდ პერსპექტივა და ექვსთვიანი ვადა 12 პირობის შესასრულებლად. სწორედ ამ პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული, საქართველო 6 თვეში მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი