ახალი ამბები

ოპოზიციის გარეშე პოლარიზაციის დასრულების პირობას ვერ შევასრულებთ – ღარიბაშვილი

24 ივნისი, 2022 • 508
ოპოზიციის გარეშე პოლარიზაციის დასრულების პირობას ვერ შევასრულებთ – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, პოლარიზაციის დასრულებისთვის თავიანთი პასუხისმგებლობა გაიზიარონ. ამის შესახებ მან დღეს, 24 ივნისს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, მთავრობა ყოველთვის მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის და ამისთვის კარი არასდროს დაუხურავს.

ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ იმ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეხება, მმართველ გუნდი ოპოზიციასთან ერთად სამუშაოდ მზადაა „ნორმალურ და მშვიდ ვითარებაში“.

„ყველა ის პირობა, რომელიც არის მმართველი ძალის განსახორციელებელი, ამის პირობას ვაძლევ ხალხს, რომ ყველაფერს ძალიან მოკლე დროში შევასრულებთ. რაც შეეხება პირველ პირობას და პირობას და პრიორიტეტს, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესშია, პირველ რიგში, რომ ქვეყანაში იყო მშვიდობა და მათ შორის, პოლიტიკურ ძალებში არ იყოს ასეთი გაუთავებელი ჩხუბი და ერთმანეთის შეურაცხყოფა, აქ ნახევარი ჩვენი პასუხისმგებლობაა და ნახევარი არის ოპოზიციის ვალდებულება და მათი პასუხისმგებლობა. ჩვენ მათ გარეშე ამ პირობას ვერ შევასრულებთ.

ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით მზაობას და დღესაც ვადასტურებ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით მოწოდებული კონსტრუქციული დიალოგისკენ. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპოზიციას, რომ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები დავაყენოთ ყველაფერზე მაღლა და ერთად შევასრულოთ ეს პირობა – პოლარიზების დასრულება, რაც ნამდვილად მაღალი შეშფოთების საგანია პარტნიორებში და შემთხვევითი არ არის ის, რომ პირველი სწორედ არის პოლარიზების დასრულება. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს ძალიან მოკლე დროში შევასრულებთ, დანარჩენი მეორე მხარის განსახორციელებელი იქნება. მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ შეასრულონ ქართველი ხალხის წინაშე ეს პირობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


გუშინ, 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

მანამდე, 17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა, სადაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობას უყენებს, მათ შორისაა პოლარიზაციის დასრულება.

თუმცა ამის შემდეგ, 22 ივნისს პარლამენტში სამთავრობო ანგარიშის წარდგენისას მისული პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელი რიტორიკით გამოირჩეოდა.

ამასთან, მმართველ პარტიას გაცხადებული აქვს, რომ ის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ოპოზიციის არცერთ ინიციატივას არ გაითვალისწინებს.

გადაწყვეტილება: კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს — პერსპექტივა

მასალების გადაბეჭდვის წესი