ახალი ამბები

ეკა კიკნაძე და საია კულტურის სამინისტროს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან

22 ივნისი, 2022 • 680
ეკა კიკნაძე და საია კულტურის სამინისტროს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), ხელოვნების მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელ ეკა კიკნაძესთან ერთად კულტურის სამინისტროს უჩივიან საკონსტიტუციო სასამართლოში.

სარჩელი ეხება 2022 წლის 1 თებერვლის ბრძანებას, რომლითაც ეროვნული მუზეუმის დებულებაში ცვლილება შევიდა და საჯარო, ღია ინფორმაციაზე წვდომის ნებართვას დირექტორატი იძლევა. ეს კი, თავის მხრივ, მათ შესაძლებლობას აძლევს, აირჩიონ – თუ ვის მისცენ ინფორმაცია.

საქართველოს კონსტიტუციით ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს საჯარო ინფორმაცია.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქალბატონ ეკა კიკნაძეს დაიცავს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება თეა წულუკიანის მიერ მიღებულ ბრძანებას, ეროვნული მუზეუმის დებულებაში შეტანილ ცვლილებას, რომლითაც მკვლევრების საქმიანობა არსებითად შეიზღუდა: ღია, საჯარო ინფორმაციაზე დაშვებაზე გადაწყვეტილებას იღებს დირექტორატი, რომელსაც ენიჭება ძალიან დიდი უფლებამოსილება და შეუძლია ბოროტად გამოიყენოს და ხელი შეუშალოს მკვლევრებს, კვლევითი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე მიიღონ ინფორმაცია – ისეთი ინფორმაცია, რომელიც არის ღია. ვფიქრობთ, რომ ამით დირექტორატს ენიჭება მორიგი რეპრესიული უფლებამოსილება, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ დირექტორატისთვის მისაღები არ იქნებიან, კვლევით საქმიანობაზე ხელი არ მიუწვდებოდეთ“, – ამბობს ნიკა სიმონიშვილი, საია-ს ხელმძღვანელი.

სიმონიშვილი აცხადებს, რომ ამ დებულებით „დირექტორატი თითქოს კონსტიტუციაზე მაღლაა“ და მას ენიჭება უფლებამოსილება, რომ გააკონტროლოს, ვინ, რას გამოიკვლევს კულტურის სამინისტროში.

„ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება, რომელიც თეა წულუკიანმა მიიღო, ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ დანაწესს, რომ ყველას ჰქონდეს უფლება გაეცნოს ღია, საჯარო ინფორმაციას და მიიღოს ის“, – ამატებს სიმონიშვილი და დასძენს, რომ ეს არის რეპრესიების მორიგი ტალღა, რომლითაც, ეროვნულ მუზეუმში კონტროლდება ნებისმიერი თანამშრომლის კვლევითი თუ ყოველდღიური საქმიანობა.


თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებიდან უკვე ათეულობით თანამშრომელი გაუშვეს — კურატორები, მკვლევრები, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირები.

წულუკიანის წმენდა შეეხო ისეთ ადამიანებსაც, ვინც ქართულ არქეოლოგიას ათწლეულები შესწირა, დააგროვა შეუცვლელი სამეცნიერო კაპიტალი და ახალბედა სპეციალისტებს გზას უკვლევდა. ათობით ასეთ მეცნიერს დღეს არათუ არქეოლოგიური გათხრების გაგრძელების, არამედ კვლევისა და მუზეუმში შესვლის ნებართვაც აღარ აქვს.

„კარებთან დგას დაცვა სიით“, — ამბობენ ისინი.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი