ახალი ამბები

ევროკომისიის დასკვნა – ოპოზიციის შეფასება და გეგმები

17 ივნისი, 2022 • 1508
ევროკომისიის დასკვნა – ოპოზიციის შეფასება და გეგმები

ოპოზიციის წევრები ევროკომისიის გადაწყვეტილებას აფასებენ. კერძოდ, ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ თანდართული პირობებით, საქართველოს კი ენიჭება ევროპული პერსპექტივა და პირობები შესასრულებლად კანდიდატის სტატუსის მიღებამდე.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, ევროპელმა პარტნიორებმა ქართველ ხალხს უთხრეს, რომ კარის ფართოდ გასაღებად მზად არიან , თუ ამის შესაძლებლობას თავად მისცემენ.

„ხალხის ფაქტორი იქნება ამოქმედებული. მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ და კვლავ ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს? გინდათ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე, რომლებსაც არ აინტერესებთ სახელმწიფოებრივი ინტერესები და არც მალავენ? კი, ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ“, – განაცხადა მელიამ.

თუმცა მელიას თქმით, ამ ხელისუფლებას რეფორმების გატარების რესურსი არ აქვს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მსგავსად ფიქრობს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძეც. მისი თქმით, დღეს ევროკომისიამ ქართველ ხალხს უთხრა, რომ მათთვის ევროპის კარი ღიაა, ხოლო  „ქართულ ოცნებას“ კი უთხრა, რომ მათი ოლიგარქიული რეჟიმისათვის ევროპის კარი დახურულია.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ასოცირებული ტრიოდან საქართველოს ჩამოშორება  „ქართული ოცნების მავნებლური და მიზანმიმართული მოქმედების შედეგია. მისი თქმით, შანსი, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ მისცა ევროკავშირმა საქართველოს, გამოსაყენებელია, რათა   „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვის შანსი არ მისცეს.

„დღეს ჩაიწერა, რომ უნდა მოხდეს ოლიგარქიული რეჟიმის დემონტაჟი, ის, ვინც შექმნა ოლიგარქიული რეჟიმი, მის დემონტაჟს არ მოახდენს, ეს უნდა მოახდინოს ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ და  1990 წელს ზვიად გამსახურდია სიტყვები გაიხსენა, როდესაც ხალხს მოუწოდა, არჩევანი ქრისტეს გზასა და ბარაბას გზას შორის გაეკეთებინათ.

„ახლა კვლავ ვართ არჩევანის წინაშე – არის ევროპული გზა, რომლისკენაც მოგვიწოდებს ევროკავშირი და არსებობს ივანიშვილი/კობახიძის გზა, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს უფსკრულისაკენ. ძალიან მნიშვნელოვანია, 20 ივნისს ქართველმა ხალხმა გამოხატოს ერთიანობა, ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის მიმართ სრული თანადგომა და მხარდაჭერა. ევროპულ ოჯახში დაბრუნება ბრძოლის გარეშე ვერ მოხდება, აუცილებელია გაერთიანება და უნდა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ „ქართული ოცნება“ არ წარმოადგენს ქვეყანას, ქვეყანას წარმოადგენს ქართველი ხალხი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სიტუაცია გაცილებით მძიმეა, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. სხვების მსგავსად, საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად ისიც დეოლიგარქიზაციას მიიჩნევს.

მისი თქმით, ახლა გამოსავალია, რომ საქართველოში ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს წლის ბოლომდე სრულად შეასრულებს და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

სამწუხაროდ, ევროკომისიის დასკვნით ჩვენ უკვე დაგვაშორეს უკრაინას და მოლდოვას. თუმცა ამ დასკვნით კვლავ უკმაყოფილოა „ქართული ოცნება“, რათა მათი მიზანი იყო  ევროკავშირში ინტეგრაციის გზას მთლიანად ჩავსხნოდით, არაფერი პირობები და უბრალოდ უარი მიეღო საქართველოს ევროკომისიის მხრიდან. სამწუხაროდ, მათი პირველი განცხადებები აჩვენებს, რომ 2024-მდე, როცა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილებაც კი, რაც დღეს გამოქვეყნდა, გაუარესდეს. ანუ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზეც კი უარი უთხრან, იმ ვადებზე, რაც დაგვიწესეს, ამაზეც კი უარი უთხრან და საერთოდ გადახიონ და გადააგდონ ეს დოკუმენტი “, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ კი ხელისუფლებას მოუწოდებს, თუ ევროპული პერსპექტივის გადარჩენა მართლა სურს, ევროკომისიის დასკვნაში დასახელებული ყველა პრობლემა აღიაროს და 24 ივნისამდე რეფორმების გატარების ვალდებულება აიღოს.

„თუ მართლა გინდათ ევროპული პერსპექტივის გადარჩენა, დაუყოვნებლივ გამოდით და აღიარეთ, რომ დიახ, ქვეყანას ოლიგარქი მართავს და ამიტომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია; დიახ, არსებობს ყველა ის პრობლემა, რაც დასკვნაშია. ამ აღიარების შემდეგ, დაუყოვნებლივ, 24 ივნისამდე აიღეთ ვალდებულება რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც პირდაპირ უპასუხებს კომისიის მოთხოვნებს“, – განაცხადა პარტიის წევრმა ნათია მეზვრიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს თავისუფალ სამყაროში დაბრუნება ჯერ კიდევ შესაძლებელია, ოღონდ „ივანიშვილის რეჟიმი ამ ამოცანასთან შეუთავსებელია“.

„აბა, ვნახოთ ეს ხელისუფლება რას იზამს“, ეს იქნება ხელახლა თავის მოტყუება და შესაძლოა არა მარტო ამ კონკრეტულ მომენტში გაშვებული შესაძლებლობა, რაც დასანანია, არამედ კიდევ გაგრძელდება ეს ფანჯარა რაღაც პერიოდი და შეიძლება მთლიანად დავკარგოთ ეს შესაძლებლობა, თუ ეს ხელისუფლება არ მოვიშორეთ მშვიდობიანად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, თუმცა პირობებით, რაც შეეხება საქართველოს – კანდიდატის სტატუსი ჯერ არ იქნება, თუმცა იქნება პირობები, რომელთა წარმატებით შესრულების შემდეგაც, ევროკომისია მოუბრუნდება საქართველოს საკითხს.

ქვეყნებისთვის მოთხოვნილი პირობების შესახებ მეტის გასაგებად იხილეთ მასალები:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი