ახალი ამბები

პირობები, რომელთაც ევროკომისია მოლდოვასა და უკრაინას უყენებს

17 ივნისი, 2022 • 2188
პირობები, რომელთაც ევროკომისია მოლდოვასა და უკრაინას უყენებს

რამდენიმე წუთის წინ გასაჯაროვდა ევროკომისიის რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც უკრაინისა და მოლდოვისთვის კომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა, საქართველოსთვის კი – არა.

კომისიის მიერ გავრცელებულ შეფასებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინას უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ შემდეგი ნაბიჯები გადაიდგმება:

  • უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესის შესახებ კანონმდებლობის იმპლემენტაცია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. მათ შორის, წინა შესარჩევი პროცესების დადგენა, რომელიც დაფუძნებული იქნება შეფასებასა და პროფესიულ უნარებზე;
  • ბოლომდე მივიდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესის  რეფორმა;
  • გაძლიერდეს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით უმაღლეს დონეზე პროაქტიული და ეფექტიანი გამოძიებების ხარჯზე. დასრულდეს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს კადრებით დაკომპლექტება;
  • კანონმდებლობით გამყარდეს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებები;
  • დაინერგოს ოლიგარქატის საწინააღმდეგო კანონმდებლობა, რათა შეიზღუდოს მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე;
  • გაძლიერდეს დამოუკიდებელი მედიამარეგულირებელი ორგანო და ამ მიმართულებით უკრაინის კანონმდებლობა მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირთან;
  • დასრულდეს სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება ეთნიკური უმცირესობების უფლებების მიმართულებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.

კომისია რეკომენდაციას აძლევს მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:

  • დამოუკიდებლობის, მთლიანობის, ეფექტურობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მართლმსაჯულების რეფორმის დასრულება, უმაღლეს მაგისტრატ საბჭოსა და მის ყველა ორგანოში ყველა ადგილის შევსება;
  • ყველა სფეროში, ეუთო/ODIHR-ისა და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა;
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის რეკომენდაციების საგრძნობი გათვალისწინება;
  • „დეოლიგარქიზაცია“ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დასაკუთრებული ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით;
  • ორგანიზებული დანაშაულისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა;
  • საჯარო მმართველობის რეფორმა;
  • სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის დასრულება, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების გაუმჯობესება ხელისუფლების ყველა დონეზე;
  • სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე;
  • ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების დაცვის გაძლიერება, გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულებების შესრულება.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს ევროპული საბჭო, რომელიც შედგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი