საზოგადოება

თბილისში ტრანსგენდერ ქალებს ჯგუფურად დაესხნენ თავს

29 მაისი, 2022 • 2701
თბილისში ტრანსგენდერ ქალებს ჯგუფურად დაესხნენ თავს

თბილისში, გამთენიისას 5 ტრანსგენდერ ქალს საცხოვრებელ სახლში თავს ჯგუფურად დაესხნენ. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ბინის მეპატრონესაც.

თავდასხმა ჩუღურეთის რაიონში, სავარაუდოდ, გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით მოხდა, ამის შესახებ, ნეტგაზეთს ერთ-ერთმა მათგანმა მოუთხრო.

ნეტგაზეთი ესაუბრა ერთ-ერთ დაზარალებულს, ვ. ი.-ს. ის მომხდარს ასე იხსენებს:

„ჯგუფური თავდასხმა იყო ჩვენზე. 5 ტრანსგენდერ ქალზე, დაახლოებით 30 ადამიანი იყო. ბლოკებით და აგურებით მოგვდევდნენ , უფრო სწორად, სახლს დაუშინეს. ჩემი ორი მეგობარი იყო გარეთ გასული, ერთ-ერთმა მოასწრო გაფრთხილება, მოიხედე ისვრიანო – მას ქვამ სახესთან ჩაუარა. ის ბლოკი რომ მოხვედროდა, ალბათ, მოკვდებოდა.

ჩვენ შევედით სახლში, კარების ჩაკეტვა მოვასწარით. იტალიური ეზო არის, ბლოკებს ისროდნენ. სახლის მეპატრონეს ესროლეს ქვა.. წინასწარ დაგეგმილ თავდასხმასთან გვაქვს საქმე, მე როდესაც გავდიოდი სამუშაოდ, ძალიან ბევრი ადამიანი, 4-5 იდგა და აკვირდებოდა, როდის მივდიოდით, როდის მოვდიოდით, წინასწარ დაგეგმეს, როგორც ჩანს, 30-მდე ადამიანი დაგვესხა თავს. რომ არ მოგვესწრო ჩაკეტვა, ცოცხლები აღარ ვიქნებოდით,“.

ქალი დასძენს, რომ დაწყებულია გამოძიება, თუმცა, თავდაპირველად პოლიციას მყისიერი რეაგირება არ ჰქონია – „ჟურნალისტებს რომ ჩავეწერეთ, მერე მოგვიყვანეს [პოლიციის განყოფილებაში] მეორეჯერ“.

„მეპატრონესთან სასწრაფო გვყავდა გამოძახებული, ცუდად იყო. 85 წლის ქალია, მას ისედაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები…“ – ამატებს ის. ნეტგაზეთს სასწრაფოში დაუდასტურეს, რომ ადგილზე დასახმარებლად ბრიგადა მისული იყო, მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საავადმყოფოში არავინ გადაუყვანიათ.

თავდაპირველად თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მოქალაქე თამუნა მუსერიძემ გაავრცელა ფეისბუკზე. შემდგომ ნეტგაზეთს ეს ინფორმაცია აქტივისტმა ნატა ტალიკიშვილმაც დაუდასტურა.

„რამდენიმე ტრანსგენდერი ქალი ცხოვრობდა კერძო სახლში მეპატრონესთან ერთად და გამთენიისას, რაღაც დაჯგუფება, დაახლოებით, 30 კაცი, შეიჭრნენ, ქვები დაუშინეს და ემუქრებოდნენ მოკვლით.

თავდასხმისას მათ უყვიროდნენ აქ არ გაცხოვრებთ, არ გაცოცხლებთო . კავშირზე ვართ ქალებთან და იურისტებიც ჩართულნი არიან,“ – ჰყვება ტალიკიშვილი და ამატებს, რომ ქალები ახლა დაკითხვაზე გადაიყვანეს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, მათგან პასუხს ველოდებით. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველიც.

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სიცოცხლის მოსპობითა ან ჯანმრთელობის დაზიანებით მუქარას გულისხმობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი