ახალი ამბები

პრეზიდენტი ერთ-ერთია, ვის კისერზეცაა ევროპული პერსპექტივის დაკარგვის საფრთხე — მენაბდე

15 ივნისი, 2022 •
პრეზიდენტი ერთ-ერთია, ვის კისერზეცაა ევროპული პერსპექტივის დაკარგვის საფრთხე — მენაბდე

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს ხმებს 2/3-მდე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დანიშნული წევრი უვსებს.

შესაბამისად, მენაბდის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს არ გადაუდგამს ნაბიჯები სასამართლო „კლანის“ ძალაუფლების შესასუსტებლად და ერთ-ერთია მათ შორის, ვის კისერზეცაა ევროპული პერსპექტივის დაკარგვის საფრთხე.

„პრეზიდენტით დაიმედებამდე ერთ ინფორმაციას გაგიზიარებთ. დღეს ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოს მიმართ სკეპტიციზმს თუ რამე განაპირობებს, ეს, პირველ რიგში, სასამართლოს საკითხია – კლანური მმართველობა. ხელისუფლებისა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ალიანსი, რამაც შესაძლებელი გახადა პოლიტიკური მართლმსაჯულება. იცით, დღეს კლანური მმართველობა რაზე დგას? იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე. აქ კლანს სულ რაღაც ერთი ხმით ნაკლები რომ ჰქონდეს, საკუთარ ინტერესებს ვერ გაიტანდა და ხელისუფლებასაც ვერაფერს შესთავაზებდა გასარიგებლად. ის ერთი წევრი კი, რომელიც დღეს საბჭოში მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს ხმებს 2/3-მდე უვსებს, მოქმედმა პრეზიდენტმა დანიშნა, სულ რაღაც 2 წლის წინ“, — წერს მენაბდე Facebook-ში.

ამიტომ, მენაბდის შეფასებით, ქვეყნის პირველი პირი ერთ-ერთია მათ შორის, ვის კისერზეცაა ევროპული პერსპექტივის დაკარგვის საფრთხე.

„ნამდვილად კარგი ვიზიტები აქვს, როცა მთელი ქვეყანა სირცხვილის პირას ვიდექით პრემიერის განცხადების გამო, მან სწორი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ნუ გვეტყვის, რომ ყველაფერს აკეთებს, რადგან აჯობებდა, ყველაფერი გაეკეთებინა (თან როცა ეს ყველაფერი მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული და არა ისე, როგორც ახლა – მთავრობის თანხმობის გარეშე ნაბიჯის გადადგმის უფლება არ აქვს) და დღეს ამ ვითარებაში შეიძლება არც ვყოფილიყავით“, — ამბობს მენაბდე.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძის ნაცვლად თამარ ღვამიჩავა 2020 წლის ივლისში დაინიშნა.

14 ივნისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი გამართა.

ზურაბიშვილმა, რომელმაც 10 ივნისს ბრიუსელიდან დააანონსა, რომ საქართველოში ევროპული მომავლის დასაცავად დაბრუნდებოდა, დღევანდელი ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაიცვა, მთავრობა გააკრიტიკა, არავინ შეიწყალა და 20 ივნისს დაგეგმილი პროევროპული აქციის გადადების იდეა გაახმიანა.

ივანიშვილი დაიცვა, მთავრობა გააკრიტიკა და არავინ შეიწყალა – რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა

მასალების გადაბეჭდვის წესი