კომენტარი

ივანიშვილი დაიცვა, მთავრობა გააკრიტიკა და არავინ შეიწყალა – რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა

15 ივნისი, 2022 • 1566
ივანიშვილი დაიცვა, მთავრობა გააკრიტიკა და არავინ შეიწყალა – რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა

14 ივნისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი გამართა.

ზურაბიშვილმა, რომელმაც 10 ივნისს ბრიუსელიდან დააანონსა, რომ საქართველოში ევროპული მომავლის დასაცავად დაბრუნდებოდა, დღევანდელი ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაიცვა, მთავრობა გააკრიტიკა, არავინ შეიწყალა და 20 ივნისს დაგეგმილი პროევროპული აქციის გადადების იდეა გაახმიანა.

ნეტგაზეთი გთავაზობთ იმ თემებს, რის შესახებაც პრეზიდენტმა ბრიფინგზე ისაუბრა.

„გაფუჭებული საქმე ბრიუსელში“

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბრიუსელში გაფუჭებული საქმე  დახვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ, რომელსაც ასოცირებული ტრიოს ქვეყნებში მოწინავე პოზიცია ეჭირა, ბოლო ადგილზე გადაინაცვლა.

„ჩავედი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან – შარლ მიშელთან, სადაც დამხვდა საკმაოდ დამძიმებული სურათი. მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე ვაპირებდი კიდევაც საფრანგეთსა და პოლონეთში სტუმრობას. აქ არ დავწვრილმანდები პროცედურული საკითხებით, წერილობით არც მოთხოვნა ყოფილა და არც პასუხი… „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდების“ ლოგიკამ გაიმარჯვა იმაზე, რაც, ჩემი აზრით, იქნებოდა ქვეყნის ინტერესში ამ მომენტში!

ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც ჰქვია „გაფუჭებული საქმე“!

გასული წლის 19 ივლისი ბათუმის ასოცირებულ ტრიოს დეკლარაცია, რომელსაც ჩვენი ინიციატივით მოეწერა ხელი, იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. მაშინ ცხადი იყო, რომ საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია. გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა ერთი წლის შემდეგ საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ევროპარლამენტის რეზოლუცია ივანიშვილზე დაუსაბუთებელი ბრალდებებით

სალომე ზურაბიშვილის თქმით, გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით, მათ შორის, ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციაში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოწოდებებიც იყო.

მისი თქით,  ეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში ყველაზე ნათლად იმ ნაწილში გამოჩნდა, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე.

„ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია. რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის იმ პარტიებთან, ვინც მონაწილეობას იღებდნენ ამ რეზოლუციის მომზადებაში და ეს ეხებოდა ევროპარლამენტის ყველა პარტიას. ოპოზიცია, თავის მხრივ, მუშაობდა საკუთარი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი ის სამუშაო, რაც მას ევალებოდა ან პარტიას, არ ჩაუტარებია, არჩია ხან დუმილი და ხან შეურაცხყოფით პასუხი სერიოზულ კითხვებზე. შედეგიც მიიღო! უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რამე გადაწყვეტილების დაანონსება, რომლის ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს ამჟამად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოება არ უნდა იყოს შეყვანილი შეცდომაში, ეს რეზოლუცია ამ ეტაპზე მხოლოდ ერთგვარი გაღიზიანების გამოვლენაა.

„ზოგი რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილის და უმოქმედობის შედეგია. არ წარმოადგენს არც გადაწყვეტილებას, არც მზაობას ევროკავშირის მხრიდან, რომ ასეთ ზომებს მიმართოს. სიმართლეს არ წარმოადგენს ასევე განაცხადი, რომ ვითომდა უკვე იყოს დაწესებული რამე ფორმით ეგრეთ წოდებული „ირიბად მომუშავე“ სანქციები. ეს ბუნდოვანება მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ გადაიფაროს იმათი დანაშაული, ვისაც ეს მუშაობა ევალებოდა და ვინც ყველაფერი არ ეცადა, რათა ეს უსამართლობა ქვეყნისთვის და მთავრობის ყოფილი მეთაურისთვის აეცილებინათ თავიდან.

ამ დანაშაულზე პასუხი, კონსპირაციული თეორიებით, ანტიევროპული განცხადებებით, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა. საკუთარი დაუდევრობის, მმართველ პარტიაზე ვლაპარაკობ, გადაფარვის მცდელობაა ჩემზე გადაბრალება, ვითომც მე დავსვი ტოლობის ნიშნები და არა ის, რომ თქვენ, მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო. თქვენ უნდა მიხედოთ ამ საქმეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის „რადიკალურმა ფრთამ“ ძალიან დამაზიანებელი როლი ითამაშა, ქვეყანას კონსტრუქციული და პროევროპული ოპოზიცია ჰყავს,

„რაც არ უნდა მძაფრი, უსამართლო და დესტრუქციული ყოფილიყო ოპოზიციის ქმედებები, პირველ რიგში, ბრიუსელში, პასუხისმგებლობა დღევანდელ სიტუაციაზე ხელისუფლებაზეა და ამას ვერავის ვერ გადაუნაწილებს, რამეთუ ხელისუფლება ერთია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

„გვარმიას  უდროოდ და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დაკავება“

ბრიფინგზე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ევროკავშირში აჩქარებული ნაბიჯით კანდიდატურის მიღების შანსი  მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის და უკრაინელების თავგანწირვის,თავისუფლებისთვის ბრძოლის შედეგია.

კანდიდატურის საკითხში საქართველოს ადგილის უკან დახევა  ხელისუფლების და ნაწილობრივ  ოპოზიციის ქმედებებს დააბრალა.

ზურაბიშვილმს ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები ჩამოთვალა, რომელმაც საქართველო ამ შედეგებამდე მიიყვანა. მათ შორის, პირველ რიგში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება; 5 ივლისის საქმეზე არაშედეგიანი გადაწყვეტილებები, ქმედითი გადაწყვეტილებების არმიღება; 75 მილიონ-ევროიანი ევროკავშირის სესხზე უარის თქმა; გენპროკურორის ახალი არჩევის წესთან დაკავშირებით უარის თქმა; სექტემბერში გავრცელებული მიყურადების ფირები; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა; ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და მანდატის გაგრძელების წესის შეცვლა.

პრეზიდნეტმა აღნიშნულ გადაწყვეტილებებში დაასახელა უზენაეს სასამართლოში დაჩქარებული წესით 4 მოსამართლის დანიშვნა, როცა პირიქით, ამის დროებით შეჩერებას ითხოვდნენ. ამავე ჩამონათვალში მოხვდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება „გაუფრთხილებლად და ესეც აჩქარებული ტემპით“.

ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავება უდროოდ და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით მოხდა. მისი თქმით, გვარამიას დაკავებისას უკვე ცხადი იყო, რომ ეს საკითხები დადგებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. თუმცა პრეზიდენტს თავისი მანდატის გამოყენებასა და გვარამიას შეწყალებაზე არაფერი უთქვამს, მიუხედავად ამისა, რომ ამისკენ სახალხო დამცველმაც მოუწოდა.

„მე კი მითხრეს, რომ სასამართლოს დროულობა არ ახასიათებს, მაგრამ პოლიტიკას – კი და ჩვენ თუ გვინდა შედეგიანი პოლიტიკა, ყველაფერზე დროულად უნდა ვიფიქროთ.

დაბოლოს, ახლა, აჩქარებული წესით, ასევე, მიყურადების კანონში ცვლილებების შეტანა. ეს ყველაფერი გარედან როგორ იკითხება. იკითხება, რომ ეს ნაბიჯები ისე არის გადადგმული, რომ ჩვენ დიდად არ ვანიჭებთ არანაირ მნიშვნელობას ევროკავშირის რეაქციებს, არ ვაჩვენებთ ჩვენს პოლიტიკურ ნებას, რომ ვიაროთ ამ მიმართულებით და შეიძლება სხვა რამე გვაინტერესებდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„იზოლაციის საფრთხე“

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ არც უმოქმედობა დააკლო, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ იკლო მაღალი დონის ვიზიტებმა როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე საქართველოშიც.

მისი თქმით, ის, რომ მაღალი დონის ევროპელი ვიზიტორები შესამჩნევად შემცირდა, რაღაცის მაჩვენებელი და დამაფიქრებელია.

„ამავე დროს ყველას ვეჩხუბეთ და ყველას ვაწყენინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებებით: სამივე ბალტიის ქვეყანა (ესენი იყვნენ ტრადიციულად ჩვენი ტრადიციული მოკავშირეები ევროპის და ნატოს გზაზე), პოლონეთი, რომელიც ესოდენ ჩართული არის და ეხმარება უკრაინას და უკრაინა, ცხადია.

თვითონ შარლ მიშელი, რომელიც სამჯერ ჩამოვიდა ამ ქვეყანაში და გვევლინებოდა, როგორც ჩვენი ერთ-ერთი ინსტიტუციური მხარდამჭერი, მაგრამ მას აღარც ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენს მხარეს დადგეს, რამეთუ მას მიუბრუნდებიან და ეტყვიან, რომ თქვენივე დოკუმენტი არ შეასრულეს და როგორ უჭერთ მხარს. ასევე გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტში ყველაზე ძლიერი პარტია, რომელიც ასევე ევროპარლამენტის თავმჯდომარის პარტიაა! ანუ ევროპის ყველა ინსტიტუტი. დღეს კიდევაც ერთგვარად ვიმუქრებით… „თუ არ მიგვიღო…ფარდას ავხდიო“! არ ვიცი, რა ფარდას ავხდით და როგორ ავხდით, მაგრამ ფარდა ჩვენზე რომ ნელ-ნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს, მგონი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ამას დაერთო ის, რომ ახლა საქართველომ უკრიანის მიმართ სრულიად შეუფერებელი დამოკიდებულებით კითხვებიც გააჩინა.

„საერთოდ ვიცით ქართულ ტრადიციებში, რომ ადამიანი თუ ქვეყანა ომში როცა არის, მისგან ყველაფერი უნდა მოვითმინოთ და არა შევიდეთ უაზრო პოლემიკაში. როგორც ჩანს, ეს ტრადიციაც დაგვავიწყდა.

და კერძოდ სანქციების მიმართ მიდგომა და რიტორიკა ასევე გაუგებარია ჩვენი პარტნიორებისთვის და ნაწილი მოსახლეობისთვის მაინც: „თან შევუერთდით (და ვიცით, რომ შეერთებული ვართ იმ ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ სანქციებთან), თან ვამბობთ, რომ არ ვამბობთ“, და ამავე დროს ვაკრიტიკებთ სხვებს და ვისთვისაც ამ სანქციების ფასი საკმაოდ მძიმეა თავიანთ მოსახლეობაზე და ვაფასებთ მათ მიერ მიღებულ სანქციებს, ევროკავშირზე მაქვს საუბარი, და ვაფასებთ უარყოფითად, რომ ვეუბნებით, „უშედეგო იქნებაო“, წარმოგვიდგენია, თუ ამას რა რეაქცია უნდა მოჰყვეს. და ამ დროს, ასოცირების ხელშეკრულება გვთხოვს პირდაპირ, რომ მაქსიმალურად შევუერთდეთ საგარეო გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს საქართველოს პოლიტიკური ნებისა და მზადყოფნის შესახებ და საქართველო იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, როცა არც მეგობარი და არც მოკავშირე ჰვყავს, ვინც ბოლომდე გაიზიარებს მის პოზიციას და დაიცავს.

„არგუმენტებიც არ მიგვიწოდებია, რითაც დაგვიცვან. და ვინც ჩვენს დასაცავად მზად იყო, ის ყველაზე უფრო დავაზიანეთ და გავანაწყენეთ, მაგალითად, ჩვენი დიდი მეგობარი პოლონეთი, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა ყველა ამ საკითხში და თუნდაც ომის დროს.

ამდენად, იზოლაციის საფრთხე ჩნდება. იზოლაცია, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ეს ბევრად უფრო დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტის შექმნილი მითი, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, რომ თავისი მოსახლეობა რაღაც წნეხის ქვეშ მოაქციოს.

„არ არსებობს ეს მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე. გორბის კითხვები ამ კუთხით აბსურდულია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა პარალელი  მოლდოვასთან გაავლო და თქვა, რომ  მოლდოვამ შეძლო ის, რაც საქართველოს უჭირს – გაჩუმება და მუშაობა ევროპის ყველა დედაქალაქში.

„რაც ჩვენ არ გაგვიკეთებია, ვერ კი არა, არ გაგვიკეთებია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

„რჩება მცირე, მაგრამ რეალური შანსი“

პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად რეზოლუციის მძაფრი კრიტიკასა, ის ძალიან დადებითი მოწოდებით მთავრდება- რწმენას, რომ საქართველო იმსახურებს მისი მოსახლეობის ლეგიტიმური მისწრაფებების დაკმაყოფილებას, რაც, მისი თქმით,  არ არის ნეგატიური დასკვნა და შანსი კიდევ არსებობს.

ზურაბიშვილის თქმით, ამ გადამწყვეტ მომენტში, პირველ რიგში, ერთიანობაა საჭირო. ამისთვის კი  20 ივნისს „სირცხვილიას“ შესთავაზა, გადადოს მათ მიერ დაგეგმილი აქცია – „შინ ევროპისკენ“, სანაცლოდ კი 16 ივნისს აქცია დააანონსა, სადაც ევროკავშირის სახელმწიფოების ელჩებთან ერთად ყველა პოლიტიკური ძალა მიიწვია.

ამასთან, ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ  ურუსლა ფონ დერ ლაიენსაც მიმართა, საქართველოს ხალხის ნება გაითვალისწინოს, რადგან ეს ხალხი იმსახურებს მისი 30- წლიანი და მეტი გავლილი გზის აღიარებას და ეს დღე ახლა დგება.

მისივე თქმით, ასევე პირადად მიმართავს პერსონალური წერილით ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის მეთაურს და წარუდგენს ყველა პოლიტიკურ, მორალურ და სტრატეგიულ არგუმენტს, თუ რატომ იმსახურებს საქართველო ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და „მისი დატოვება გზის მიღმა საბედისწერო შეცდომა შეიძლება იყოს“.

ბოლოს კი პრეზიდენტმა ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართა. მმართველ გუნდს მოუწოდა, გაითვალისწინოს მოსახლეობის ურყევი მისწრაფება და თავი შეიკავოს ანტიევროპული რიტორიკისგან, როგორც არასაჭირო ნაბიჯებისგან. მისი თქმით, ეს რიტორიკა ემსახურება მხოლოდ პოპულიზმით ძალაუფლების შენარჩუნებას  და ვერ მოიტანს შედეგს.

ხოლო ოპოზიციას მიმართა, რომ „შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციების მიწოდება“ ამ გადამწყვეტ მომენტში იმ მიზნით, რომ ამით ხელისუფლების დესტაბილიზაცია და ძალაუფლებაში მოსვლა ამ დესტაბილიზაციას მოჰყვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი