ახალი ამბები

იუსტიციის საბჭოში ანა დოლიძის ნაცვლად თამარ ღვამიჩავა დაინიშნა

23 ივლისი, 2020 • 1526
იუსტიციის საბჭოში ანა დოლიძის ნაცვლად თამარ ღვამიჩავა დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძის ნაცვლად თამარ ღვამიჩავა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

განკარგულების მიხედვით აღნიშნულ პოზიციაზე ღვამიჩავა 2020 წლის 22 ივლისიდან, 4 წლის ვადით დაინიშნა.

“ნეტგაზეთი” შეეცადა ონლაინ სივრცეში თამარ ღვამიჩავას შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებას, თუმცა მისი წარსული მოღვაწეობის შესახებ ვრცელი ინფორმაცია არ იძებნება. პრეზიდენტის პრეს-სამსახურში კი განგვიმარტეს, რომ ინფორმაციას თამარ ღვამიჩავას შესახებ დღის განმავლობაში გაავრცელებდნენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაში პრობლემას ხედავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი. ჯანეზაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს არ აქვს ვალდებულება საბჭოს წევრის არჩევისას საზოგადოებას კანდიდატებისა და პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს,  მან თავად უნდა მოისურვოს, რომ ეს პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოდის და ხდება საბჭოს წევრი, იყოს ღირსეული და მის მიერ მიღბულ გადაწყვეტილებების შესახებ იძებნებოდეს თუნდაც “გუგლში”. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული წრეები მას იცნობდნენ და ვიცოდეთ, რა გამოცდილება აქვს მართლმსაჯულების მიმართულებით. მე პირადად არაფერი არ ვიცი მის შესახებ, ვერც კარგს ვიტყვი და ვერც ცუდს”, – განმარტა ჯანეზაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, კანდიდატების შერჩევის ეტაპზე არც მას და არც საზოგადოების სხვა წევრებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თვალი ედევნებინათ მიმდინარე პროცესებისთვის, რათა ყველას სცოდნოდა დაზუსტებით, თუ რატომ მიიღო პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება და რატომ არ შეარჩია, მაგალითად, სხვა კანდიდატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი