ახალი ამბები

არის თუ არა სასამართლოში კლანი? – ღვამიჩავას პასუხი

4 აგვისტო, 2020 • 1551
არის თუ არა სასამართლოში კლანი? – ღვამიჩავას პასუხი

“მე ვცნობ მხოლოდ გუნდური მუშაობის პრინციპს”,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნულმა არამოსამართლე წევრმა თამარი ღვამიჩავამ კითხვას იმის შესახებ, არსებობს თუ არა სასამართლო სისტემაში გავლენიანი მოსამართლეების ე.წ. კლანი.

ღვამიჩავა არ განმარტავს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ თავს შეიკავებს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების კრიტიკისგან.

“მე თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენელი ვარ, სადაც პროფესიონალი ადამიანების გუნდი ძალიან მაღალი ხარისხით აკეთებს თავის საქმეს. მე მაქვს სრული აკადემიური თავისუფლება მონიჭებული. ვარ აბსოლუტურად ყველანაირი ზეგავლენისგან თავისუფალი. მე ვცნობ მხოლოდ გუნდური მუშაობის პრინციპს და იგივე პრინციპების დაცვის საფუძველზე ვაპირებ განვახორციელო საქმიანობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში”,- განაცხადა ღვამიჩავამ.

ღვამიჩავას თქმით, მას შეიძლება ჰქონდეს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება და არ ეთანხმებოდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრების პოზიციებს. შესაძლოა, ჰქონდეთ თანხვედრაც, თუმცა მისი პოზიციები “ყოველთვის დასაბუთებული იქნება”.

მან კონკრეტული პასუხი არ გასცა კითხვას კლანური მმართველობის შესახებ და თქვა, რომ სასამართლოს რიგებში დღეს არის ბევრი ღირსეული მოსამართლე, რომელთანაც უნივერსიტეტში თავისი საქმიანობიდან გამომდინარე აქვს ურთიერთობა.

“შეიძლება იყოს გარკვეული პრობლემები სასამართლოს სისტემაში, რასაც გამოსწორება სჭირდება. ერთიანად უნდა მოხდეს გარკვეული საკითხების შესწავლა. თუნდაც მოსამართლეთა სამართალშემოქმედებითი როლის გაზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული კანონი, კონკრეტული ნორმა ვერ აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობას. მოსამართლეს თავისი გამოცდილება, კვალიფიკაცია, ცოდნა უნდა აძლევდეს იმის შესაძლებლობას, რომ მან სამართალშემოქმედებით პროცესში დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. ამ მიმართულებით არის სამუშაო”, – განაცხადა ღვამიჩავამ.

კითხვაზე, ხედავს თუ არა პრობლემას სასამართლოს დამოუკიდებლობის და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლების მხრივ, ღვამიჩავა პასუხობს:

“მე ახლა ვეცნობი საბჭოს საქმიანობას. მანამდე არ მქონია შეხება დეტალურად იმ გადაწყვეტილებებთან და მოსაზრებებთან, რასაც საბჭოს წევრები იღებენ. არის გარკვეული ხარვეზები, მაგრამ სასამართლო ყოველგვარი ზეგავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს. არის თუ არა, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ. არ ვიცნობ ჩინჩალაძე-მურუსიძეს და მხოლოდ გარეგნული შეფასებით, დაუსაბუთებლად მათი საქმიანობას ვერ შევაფასებ”,- განაცხადა თამარ ღვამიჩავამ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის კვოტით წარდგენილი კანდიდატურა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ანა დოლიძემ საბჭო დატოვა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე თამარ ღვამიჩავა წარადგინა. კონკურსში 14 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მათი ვინაობა საჯარო არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი