ახალი ამბები

ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს – თსუ-ს პროფესორები

11 ივნისი, 2022 • 974
ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს – თსუ-ს პროფესორები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ნაწილი 10 ივნისს უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენებს ეხმაურება.

პროფესორების თქმით, გმობენ და ემიჯნებიან ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს, რომლის შედეგად დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები.

„10 ივნისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების ფონზე გვსურს ჩვენი, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორთა პოზიცია გაგაცნოთ/ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს, სად, თუ არა უნივერსიტეტში, მნიშვნელოვანია აზროვნებისა და გამოხატვის თავისუფლება – როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალის მხრიდან. სწორედ ამ თავისუფლებას ვასწავლიდით და ვასწავლით სხვადასხვა თაობის სტუდენტებს, ამიტომ განვითარებული მოვლენები არის კატეგორიულად მიუღებელი, შეუსაბამო აკადემიური/სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის. უნივერსიტეტში მხარეები არ არსებობს, სტუდენტებსა თუ პროფესურას გვაქვს ერთი საერთო ამოცანა – შევინარჩუნოთ სწავლა-სწავლების ხარისხი.

აღნიშნულიდან გამომდინარე ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს, რომლის შედეგად დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათ შორის პროფესორი, ჩვენი კოლეგა, მეცნიერი. მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე, სამართალდამცავი უწყებების მიერ“, – აცხადებენ პროფესორები.

ისინი სტუდენტებს მოუწოდებენ, პროტესტის შემთხვევაში საკუთარი აზრი გამოხატონ კონსტრუქციულად და გაითვალისწინონ, რომ საპროტესტო მოვლენების მიმდინარეობისას, ზოგადად პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ ადმინისტრაციულ უწყებას, არამედ აქციის მონაწილეებსაც აქვთ, რათა დაიცვან სხვათა უფლებები, არ გასცდნენ მორალურ და სამართლებრივ ჩარჩოებს!

„აქვე შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის მიერ სწავლის არადისტანციურ ფორმატში აღდგენის შემდეგ გადადგმული იქნა არაერთი ნაბიჯი სტუდენტთა მხარდასაჭერად: 14 მაისიდან სწავლა გაგრძელდა ჰიბრიდულ ფორმატში, თითოეული ფაკულტეტის სპეციფიკისა და უნივერსიტეტის სტუდენტთა საჭიროების შესაბამისად.

ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში მცხოვრები სტუდენტების საგამოცდო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობისთვის, დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩასატარებლად გაიხსნა რეგიონული საგამოცდო ცენტრები, საერთო საცხოვრებლები კი საგამოცდო პერიოდში გახდა უფასო; ხოლო თუ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რომელიმე სტუდენტი  ობიექტური გარემოებების გამო ვერ მოახერხებს საგამოცდო პროცესში ჩართვას, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თითოეულ ასეთ სტუდენტს და ერთობლივად ვიპოვოთ ოპტიმალური გამოსავალი.

იმ სტუდენტების მცირე ჯგუფს, რომლებიც ჯერ სწავლის განახლებას, შემდეგ კი გამოცდების ფორმატს აპროტესტებენ 20-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდათ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მათ შორის 2 შეხვედრა რექტორთან. ასევე, ჰქონდათ კონსულტაციების შესაძლებლობა აკადემიურ პერსონალთან. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მოვლენები განვითარდა არა დიალოგისა და შეთანხმების, არამედ ძალადობის რეჟიმში, რომელსაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ვერ მიიღებს და ვერ შეეგუება უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება“, – აცხადებენ პროფესორები.


გუშინ, 10 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა რექტორის, გიორგი შარვაშიძის კაბინეტი დაიკავეს, რა დროსაც დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები. ისინი შარვაშიძესთან შეხვედრას რამდენიმე კვირაა ითხოვენ და უნივერსიტეტში აქციებს მართავენ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ თსუ-ში მიმდინარე პროტესტმა ძალადობრივი ფორმა მიიღო. თსუ-ს განცხადებით, დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი.

სტუდენტური მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“  10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი გმობენ ძალადობას და მას აზრის დაფიქსირების უკიდურეს ფორმად მიიჩნევენ.

მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც. უწყება აცხადებს, რომ ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება მიუღებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი