ახალი ამბები

განათლების სამინისტრო გმობს პროტესტის გამოხატვის ძალადობრივ ფორმებს

11 ივნისი, 2022 • 1019
განათლების სამინისტრო გმობს პროტესტის გამოხატვის ძალადობრივ ფორმებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ივნისს განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება მიუღებელია.

„შესაბამისად, [სამინისტრო] გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გამოწვევის დაძლევა აკადემიური სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება“, – ნათქვამია სამინისტრო განცხადებაში.


გუშინ, 10 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა რექტორის, გიორგი შარვაშიძის კაბინეტი დაიკავეს, რა დროსაც დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები. ისინი შარვაშიძესთან შეხვედრას რამდენიმე კვირაა ითხოვენ და უნივერსიტეტში აქციებს მართავენ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ თსუ-ში მიმდინარე პროტესტმა ძალადობრივი ფორმა მიიღო. თსუ-ს განცხადებით, დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი.

სტუდენტური მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“  10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი გმობენ ძალადობას და მას აზრის დაფიქსირების უკიდურეს ფორმად მიიჩნევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი