ახალი ამბები

ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებისთვის ყველა აგებს პასუხს – წულუკიანი ზურაბიშვილზე

11 ივნისი, 2022 • 1860
ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებისთვის ყველა აგებს პასუხს – წულუკიანი ზურაბიშვილზე

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი „უსამართლო გადაწყვეტილებას მიიიღებს და კრიმინალებს შეიწყალებს“, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისთვის პასუხს მოსთხოვს. ამის შესახებ მან დღეს, 11 ივნისს, განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის პრეზიდენტს სიმბოლური ფუნქცია აქვს და „სიმბოლომ კარგად უნდა გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო“.

„საქართველოს მთავრობა არის კონსტიტუციით პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკაზე ჩვენს ქვეყანაში, ხოლო პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით სიმბოლური ფუნქცია. სიმბოლური ფუნქცია არ ნიშნავს ფუნქციის უქონლობას. სწორედ სიმბოლოები არის ხოლმე ჩვენი ერის ცხოვრებაში ხშირად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო, რა ნიშნავს გქონდეს სიმბოლური როლი და რას ნიშნავს  იყო ხელისუფლების სამი სხვა შტოს შუაგულში იმისათვის, რომ მოიპოვო ქართველი ერის ნდობა. ქართველი ერის ნდობის მოპოვება არ არის ადვილი, ამას სჭირდება შრომა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმაც ბევრი უნდა იშრომოს იმისათვის, როგორც ჩვენ, რომ ჰქონდეს და შეინარჩუნოს ნდობა[…]

პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ის, რაც არის მისი გადაწყვეტილება, შემდეგ კი ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებისთვის ყველა აგებს პასუხს. პრეზიდენტს შეიძლება არ აქვს საგარეო პოლიტიკაში ბევრი ფუნქცია, თითქმის არავითარი ფუნქცია არ აქვს საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ შეწყალება 100%-ით არის მის ხელში. ამიტომ ველით რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი. თუ ის მიიღებს იმ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისთვის პასუხს მოსთხოვს“, – განაცხადა წულუკიანმა.


10 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურ „ფეისბუკ“ გვერდზე განცხადება  გაავრცელა, რომ არავის შეწყალებას არ აპირებს:

„არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!“ – წერს ზურაბიშვილი.

აღნიშნულს წინ უძღოდა პრეზიდენტის ვიდეომიმართვა ბრიუსელიდან, რომლის დროსაც ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ უარი უთხრა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტზე, სადაც მას შეხვედრები უნდა გაემართა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.

ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ამბობდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არ უნდა გადაჰყვეს რომელიმე პიროვნებას და მათ შორის დაასახელა ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი:

„არავინაა იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“, – ამბობდა ზურაბიშვილი.

ვრცლად ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადების შესახებ წაიკითხეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი