საზოგადოება

მთავრობამ არ მომცა საფრანგეთში, უკრაინასა და პოლონეთში ვიზიტის საშუალება – პრეზიდენტი

10 ივნისი, 2022 • 2169
მთავრობამ არ მომცა საფრანგეთში, უკრაინასა და პოლონეთში ვიზიტის საშუალება – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მთავრობამ უარი განუცხადა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტზე, სადაც მას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით უნდა გაემართა შეხვედრები.

ზურაბიშვილის განცხადება ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა.

„სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლებო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს.

მე მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთსა და შესაძლებელია, უკრაინაშიც, რომელთან ერთადაც ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, რადგან არ იქნებოდა დაჩქარებული კანდიდატურის პროცესი, მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე.

რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა.

მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ეს პროცესი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი არ უნდა გადაჰყვეს რომელიმე პიროვნებას.

„მე არ მჯერა, რომ რაიმე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველსთვის, თუ არა ევროპული მომავალი.

მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესში წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ივანიშვილს.

არავინაა იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი