ახალი ამბები

ოხანაშვილი ხუნდაძის განცხადებას „ემოციის გამოხატვით“ ხსნის

10 ივნისი, 2022 • 897
ოხანაშვილი ხუნდაძის განცხადებას „ემოციის გამოხატვით“ ხსნის

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი  დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას პირადი ემოციით ხსნის.

საუბარია ხუნდაძის განცხადებაზე, სადაც ამბობს, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას.

ოხანაშვილის თქმით, ევროკავშირზე უარს არავინ ამბობს, თუმცა სამართლიანი თამაშის წესებს ითხოვენ.

„ჩვენი გუნდი, ჩვენი ხალხი და ქვეყანა რომ ევროპისკენ მიისწრაფვის, ეს საკითხი ცალსახაა და გადახედვას არ ექვემდებარება. არავის აქვს უფლება იმისა, ემოციის გამოხატვის უფლება წაგვართვას. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის სამართლიანი თამაშის წესები და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. სწორედ სამართლიანობას ეფუძნება ევროკავშირი, ევროკავშირის იდეაც და ევროპული ღირებულებები.

ამიტომ, თუკი გამოვხატავთ წუხილს, რომ არის საკითხები, რომლის სამართლიანობაზე კითხვები გვიჩნდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ევროკავშირზე უარს ამბობს. ჩვენი ერთადერთი სწორი გზა ევროპულ ოჯახში დამკვიდრებაა,  ჩვენი ეროვნული ინტერესებით, ჩვენი ხალხის ტრადიციებით და ქვეყნის ისტორიით. შესაბამისად, ეს არის გზა, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ევროპული ოჯახი სწორედ საკუთარი აზრის ქონას ნიშნავს.


“ქართული ოცნების” დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს “ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით” მიიღებს, როგორც რეზოლუციაშია, საქართველომ სტატუსზე უარი უნდა თქვას. ხუნდაძის ამ განცხადებას გამოცემა “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

მმართველი პარტიის წარმომადგენელის თქმით, “არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების დათმობა”.

ხუნდაძის განცხადებას წინ უსწრებდა ევროპარლამენტის მიერ საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე რეზოლუციის მიღება.

რეზოლუცია გამოხატავს შეშფოთებას ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო. გმობს ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის, მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას. რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით სამკურნალოდ გათავისუფლებისკენ.

აღნიშნულ რეზოლუციას და ევროპარლამენტარების კრიტიკას გუშინ, 9 ივნისს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მან ევროპარლამენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ “რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს”.

თუ EU სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მივიღებთ, უარი უნდა ვთქვათ – ხუნდაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი