ახალი ამბები

ვაშაძე: რომ გადმომაბარონ უფლებამოსილება, ევროკავშირის სტატუსზე 2 კვირაში დავალაგებ

10 ივნისი, 2022 • 745
ვაშაძე: რომ გადმომაბარონ უფლებამოსილება, ევროკავშირის სტატუსზე 2 კვირაში დავალაგებ

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ თუ პრემიერი ღარიბაშვილი მას გადააბარებს უფლებამოსილებას, 2 კვირაში საკითხს ისე მოაგვარებდა, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ყოველგვარი პირობების გარეშე მიიღებდა:

„მე, მაგალითად, პრემიერ ღარიბაშვილის ადგილზე ყოველ თვეში 2-ჯერ ჩავიდოდი კიევში და მათთან ერთად, მხარდამხარ ვიქნებოდი ჩართული დიპლომატიურ სამუშაოებში, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მხარდაჭერისთვის. ასეთ შემთხვევაში დამერწმუნეთ, რომ კითხვაც კი არ დაისმებოდა, თუ რატომ უნდა მიეცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ყოველგვარი პირობების გარეშე“, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ამისგან საპირისპირო გზა აირჩია, თავს ესხმიან ზელენსკის და არჩეული აქვთ იანუკოვიჩის გზა:

„მათ აირჩიეს ანტიდასავლური კამპანია, აირჩიეს ევროპარლამენტარებზე შეტევის განხორციელება, სენატორების და კონგრესმენების მტრებად გამოცხადება, ომის დაწყებაში დასავლეთის დადანაშაულება, ამის შემდეგ, უკაცრავად, მაგრამ თქვენ რას ელოდებით?! ელოდებით, რომ კიდევ უკრაინამ უნდა თქვას, რომ საქართველოს ჩემთან ერთად უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი?

ორი კვირაა დარჩენილი საბოლოო პასუხამდე. მე რომ ახლა შესაძლებლობა მომეცეს, პირდაპირ გეუბნებით, რომ გადმომაბარონ უფლებამოსილება, მთლიანად დავალაგებ ამ საკითხს, როგორც უკრაინასთან, ასევე ბრიუსელთან და ვაშინგტონთან, კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ და უკრაინა თვითონ იტყვის, პირდაპირ ზელენსკის ვათქმევინებ, რომ საქართველოს ჩვენთან ერთად მიეცით კანდიდატის სტატუსი. უბრალოდ, ამ შედეგის მისაღწევად შესაძლებლობა, უფლებამოსილება უნდა მქონდეს, რომელიც, სამწუხაროდ, არ მაქვს. დარჩენილ 2 კვირაშიც კი შესაძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება“, — ამბობს გიორგი ვაშაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი