ახალი ამბები

კობახიძის გზავნილების ნაცვლად ევროპამ უნდა მოისმინოს, რომ ხელისუფლება გამოწვევებზე სამუშაოდ მზადაა — ლომჯარია

9 ივნისი, 2022 • 1019
კობახიძის გზავნილების ნაცვლად ევროპამ უნდა მოისმინოს, რომ ხელისუფლება გამოწვევებზე სამუშაოდ მზადაა — ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ევროპამ უნდა მოისმინოს საქართველოს ხელისუფლების მზაობა იმ გამოწვევებზე სამუშაოდ, რაზეც დეპუტატებმა გუშინ, 8 ივნისს ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ისაუბრეს. ამის შესახებ ლომჯარიამ დღეს, 9 ივნისს, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“[საქართველოს ხელისუფლებამ] იმის ნაცვლად, რომ გუშინდელ დებატებს მსგავსი გზავნილებით უპასუხოს, რაც დღეს ბატონი კობახიძისგან მოვისმინეთ, ევროპამ უნდა მოისმინოს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, იმუშაოს იმ გამოწვევებზე, რაზეც ძალიან გულწრფელად და მეგობრული სულისკვეთებით მიუთითებდნენ გუშინ ევროპის პარლამენტის წევრები. მზაობა უნდა დაანახოს, რომ შესაძლებელია, ის არ იზიარებს, მაგრამ მზად არის, თუკი ამას მიანიშნებენ პარტნიორები, იმუშაოს ამ პრობლემებზე, როგორიცაა მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები და სხვა საკითხები”, — აღნიშნა ლომჯარიამ.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების კრიტიკასთან დაკავშირებით ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოსთვის არახელსაყრელ პოლიტიკურ გარემოს ქმნის. ამასთან, ლომჯარიამ  თქვა, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების განწყობებისა, ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ქართველი ხალხი იმ შესაძლებლობას იმსახურებს, რომელსაც “ევროპა უხსნის სამ ქვეყანას”.

გარდა ამისა, ლომჯარია გამოეხმაურა ნიკა გვარამიას დაპატიმრებას და ამაზე ევროპარლამენტარების კრიტიკასაც. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის “ძალიან ცუდ დროს იქნა მიღებული”:

“მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება იყო მიმართული საქართველოში დემოკრატიული პროცესების მიმართ. გამადიდებელი შუშის ქვეშ აკვირდებიან დღეს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ამ ვითარებაში ასეთი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, პოლიტიკურად აქტიური პირის, მედიის წარმომადგენლის და მენეჯერის მიმართ, საქართველოში დემოკრატიული პროცესების მიმართ არსებულ საერთო ფონს და განწყობას აუარესებს. გუშინ მისი სახელის არაერთგზის გაჟღერებამ ეს დაადასტურა”, — განმარტა ლომჯარიამ.


ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია გამოხატავს შეშფოთებას ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო. გმობს ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის, მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას. რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით სამკურნალოდ გათავისუფლებისკენ.

აღნიშნულ რეზოლუციას და ევროპარლამენტარების კრიტიკას დღეს, 9 ივნისს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მან ევროპარლამენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ “რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი