ახალი ამბები

იმედგაცრუებული ვარ, რომ მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები მედიაზე “ნადირობას” უერთდებიან – გრეგოროვა

9 ივნისი, 2022 • 715
იმედგაცრუებული ვარ, რომ მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები მედიაზე “ნადირობას” უერთდებიან – გრეგოროვა

ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას თქმით, საქართველოში მედიასთან დაკავშირებული მდგომარეობა “საშინელია”, რადგან თავს ესხმიან ჟურნალისტებს და მედიის წარმომადგენლებზე “ნადირობა” მიმდინარეობს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ გამართული დებატებისას ისაუბრა.

“საქართველოში მედიასთან დაკავშირებული მდგომარეობა საშინელია. ჟურნალისტებს თავს ესხმიან ძალადობრივად. არის ჟურნალისტების დაშინების, მათზე მუქარის და სამართლებრივი დევნის შემთხვევები და ბევრი კრიმინალური გამოძიება მედიაში მომუშავე ხალხის და მედიასაშუალებების მფლობელების მიმართ.

იმედგაცრუებული ვარ, რომ მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები უერთდებიან მედიის წარმომადგენლებზე “ნადირობას”, დემოკრატიის და საზოგადოების საყრდენის დაცვის ნაცვლად.

მე შევახსენებ საქართველოს მთავრობას და თანამდებობის პირებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს ევროპისკენ სწრაფვის სურვილი. ეს გულისხმობს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვას, მათ შორის, თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას”, – განაცხადა გრეგოროვამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება ცალმხრივი ძალისხმევით არ ხდება. გრეგოროვას თქმით, მათ სურთ საქართველოს მოქალაქეების სურვილის შესრულება და თუ ეს საქართველოს წარმომადგენლებსაც სურთ, მაშინ არსებული სტანდარტები უნდა დაიცვან.


ევროპარლამენტმა უკრაინის მიერ განაცხადის გაკეთებიდან მეორე დღესვე, 1 მარტს, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა, იმუშაონ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. 5 მაისს მსგავსი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა მოლდოვის განაცხადთან დაკავშირებითაც. რეზოლუციაში ევროპარლამენტი მიესალმება მოლდოვის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და აცხადებს, რომ ევროკავშირმა მას კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს.

საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი რეზოლუცია ევროპარლამენტს ჯერ არ მიუღია.ამის ნაცვლად, ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით დღევანდელ დებატებზე განიხილა რეზოლუცია მედიის უფლებების დარღვევაზე, რომელსაც 9 ივნისს ეყრება კენჭი. განხილვისას რეზოლუციის ტექსტში შესაძლოა, გარკვეული ცვლილებების შევიდეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასადმი მიმართავაში გამოეხმაურა ინიცირებულ რეზოლუციას და თქვა, რომ „მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი