ახალი ამბები

კობახიძე: ევროპარლამენტარების გაკრიტიკება ემსახურებოდა მთავარ მიზანს – კანდიდატის სტატუსის მიღებას

29 დეკემბერი, 2023 • 1942
კობახიძე: ევროპარლამენტარების გაკრიტიკება ემსახურებოდა მთავარ მიზანს – კანდიდატის სტატუსის მიღებას

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობაიძე ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ევროპარლამენტარებისა და ევროსტრუქტურების რეზოლუციების კრიტიკის მიზანი კანდიდატის სტატუსის მიღება იყო. მისი თქმით, საზოგადოებამ არასწორად აღიქვა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა “ოპონირება” ევროპარლამენტარებთან.

“მარტივი არ იყო ჩვენი მხრიდან სიმართლის ლაპარაკი, იგივე რეზოლუციებთან დაკავშირებით. გამოდის 400 ევროპარლამენტარი და რაღაცას ამბობს. რაც არ უნდა უსამართლობა იყოს, რა თქმა უნდა, იქ ოპონირება რთულია. შეიძლება, საზოგადოებაც თავიდან ამ ოპონირებას ცოტა სხვანაირად აღიქვამდა. მაგრამ, საბოლოო ჯამში, დღეს, მე მგონი, ყველამ დაინახა, რომ ეს ოპონირება, ჩვენი მხრიდან ევროპარლამენტის გაკრიტიკება, ევროპარლამენტარების გაკრიტიკება, იმ უსამართლობის გაკრიტიკება, რომელიც იქიდან მოდიოდა, საბოლოო ჯამში, ემსახურებოდა ერთ მთავარ მიზანს – კანდიდატის სტატუსის მიღებას. უსამართლობას ჩვენ ვუპირისპირებდით ჩვენს მყარ პოზიციას და ვავლენდით პრინციპულობას ყველა ეტაპზე. სწორედ ამან მოიტანა, საბოლოო ჯამში, ის წარმატება, რაც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ”, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

ირაკლი კობაიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების რეზოლუციების, ევროპარლამენტართა განცხადებებისა და ზოგადად, ევროკავშირის წარმომადგენელთა კრიტიკაში “დიდი წვლილი შეიტანა “ხალხის ძალამ”. მისი თქმით, რუსული კანონის ინიციატორმა “ხალხის ძალამ” ევროკავშირთან დაკავშირებით “საზოგადოებას უთხრეს სიმართლე”.

“წერილები ქვეყნდებოდა ხშირად მათი მხრიდან. რაც იყო იმ წერილებში ნათქვამი, თითოეული წინადადება იყო სიმართლე. უბრალოდ, ჩვენ ამაზე გვიჭირდა მაშინ საუბარი. თუმცა დღეს განსხვავებული ვითარებაა”, – ამბობს კობახიძე.

კობახიძე ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნება” და მისგან ფორმალურად გამოყოფილი ჯგუფი, “ხალხის ძალა” ევროპელი პარტნიორების კრიტიკით კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ მიისწრაფოდნენ, სხვები კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იბრძოდნენ. მოგვიანებით, კობახიძემ დააზუსტა, რომ სხვებში გულისხმობს, მათ შორის, იმ დიპლომატებს, რომლებიც ქვეყანაში უკვე აღარ არიან [საუბარია აშშ-ისა და ევროკავშირის ყოფილ ელჩებზე საქართველოში, კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელზე].


14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. იმავე დღეს ევროპარლამენტარებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, სადაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სტატუსი დაიმსახურა “ქართველი ხალხის, ცალკეული ქართველი პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის ,პრეზიდენტის და სამოქალაქო საზოგადოების ბევრი წარმომადგენლის ნებამ”, მაშინ, როცა “საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა სურვილი, შეესრულებინა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში ყოფილიყო ევროკავშირის საგარეო კურსთან”.

ეს არ არის პირველი განცხადება ევროპიდან, სადაც საუბარია იმაზე, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკა არ არის თანხვედრაში ევროპულ ღირებულებებთან. ამის პარალელურად,  “ქართული ოცნებისა” და “ხალხის” ძალის ლიდერები მუდმივად აკეთებდნენ ანტიდასავლურ განცხადებებს და თავს ესხმოდნენ ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგენლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი