საზოგადოება

პაპუაშვილი ევროპარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს

7 ივნისი, 2022 • 976
პაპუაშვილი ევროპარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას მიმართავს.

მიმართვაში პაპუაშვილი ეხმაურება ევროპარლამენტში საქართველოზე დაგეგმილ დებატებს, რომელიც ხვალ გაიმართება, ხოლო 9 ივნისს კენჭი ეყრება რეზოლუციას „მედიის თავისუფლების დარღვევები და ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში“.

„მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. ამის მიუხედავად, იზოლირებულ პრობლემურ საკითხებზე ფოკუსირებასთან ერთად, ჩვენ აგრეთვე უნდა გვახსოვდეს ის შთამბეჭდავი პროგრესი, რომელსაც დამოუკიდებელმა მედიამ გასულ ათწლეულში საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის შედეგად მიაღწია“, — ნათქვამია მიმართვაში.

პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს უფლება იყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და ამბობს, რომ „ასე ემოციურად იშვიათად შეუკავშირებია ჩვენი ერი სხვა რომელიმე პოლიტიკურ მოვლენას, როგორც ევროკავშირის წევრობაზე ჩვენს განაცხადსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან მოსალოდნელ პასუხს“.

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველომ, საგარეო საფრთხეების მიუხედავად, ევროკავშირის კანონმდებლობის ინტენსიურად დანერგვა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით დაიწყო, მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ერთგულება დაადასტურა ერაყში, ავღანეთში, მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, კოსოვოსა და „ყველგან, სადაც საჭირო იყო და როდესაც მოგვმართეს ევროპულმა პარტნიორებმა“.

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველომ გაატარა მთელი რიგი მასშტაბური რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესის კეთების პრაქტიკის გაუმჯობესების, საბაჟო და სახელმწიფო მომსახურებების ფუნდამენტური განახლების კუთხით და სხვა.

„უნდა გვახსოვდეს, რომ აღნიშნული მიღწევები ხორციელდებოდა რუსეთის რეალური აგრესიული ქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, აგრეთვე, იმ მუდმივი საფრთხის ფონზე, რაც ყველასთვის აშკარა გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უპრეცედენტოდ სასტიკი აგრესიის შემდეგ. საქართველოს მიღწევები და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მომავალი წარმატებები, საქართველოს ევროკავშირის სასურველ პერსპექტიულ წევრად ხდის, განსაკუთრებით, ევროკავშირის მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ენერგოდამოუკიდებლობის, თავისუფალი ბაზრების გაფართოების და ბოლოს, კულტურული მრავალფეროვნების მიმართულებებით“, — ნათქვამია მიმართვაში.

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ გამოწვევები რჩება, თუმცა „ქვეყნის განვითარების მიმართულება ცხადად წარმოაჩენს პროგრესის სურვილს, გაუმჯობესების შესაძლებლობასა და ევროკავშირის გამდიდრებისა და გაძლიერების პოტენციალს“.

„საქართველომ გადადგა თავისი ნაბიჯი. ახლა ჯერი ევროკავშირზეა. არსებული გეოპოლიტიკური წნეხის გათვალისწინებით, ევროკავშირმა საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამავდროულად, ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ ურყევი და ერთსულოვანი მხარდაჭერა და ევროპული ლიდერებისადმი ჩვენი ქვეყნების მხარდასაჭერი მოწოდებები საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ მოუთმენლად ველით ასეთ მხარდაჭერას“, — ნათქვამია მიმართვაში.

ევროპარლამენტმა უკრაინის მიერ განაცხადის გაკეთებიდან მეორე დღესვე, 1 მარტს, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა, იმუშაონ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. 5 მაისს მსგავსი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა მოლდოვის განაცხადთან დაკავშირებითაც. რეზოლუციაში ევროპარლამენტი მიესალმება მოლდოვის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და აცხადებს, რომ ევროკავშირმა მას კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს. საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი რეზოლუცია ევროპარლამენტს ჯერ არ მიუღია.

ამის ნაცვლად, ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით განიხილავს რეზოლუციას მედიის უფლებების დარღვევაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი