ახალი ამბები

ზელენსკი იმ ქვეყნის პარლამენტს არ მიმართავს, საიდანაც ელჩი ჰყავს გაწვეული – პაპუაშვილი

8 ივნისი, 2022 • 681
ზელენსკი იმ ქვეყნის პარლამენტს არ მიმართავს, საიდანაც ელჩი ჰყავს გაწვეული – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვარაუდობს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთვის სიტყვით მიმართვა თავად არ ენდომება, რადგან ამ ქვეყნისთვის მას დიპლომატიური დემარში აქვს გამოცხადებული.

პაპუაშვილს უკრაინის პრეზიდენტის საქართველოს პარლამენტში მოწვევაზე დღეს, 8 ივნისს, „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა და ენმ-ის წევრმა დავით ხაჯიშვილმა ჰკითხეს.

პაპუაშვილის თქმით, უკვირს, თუ რამდენი მეურვე და მისი სახელით მოსაუბრე ადამიანი გამოუჩნდა უკრაინის პრეზიდენტს.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს პარლამენტისთვის მიმართვის სურვილი თავად ზელენსკის არ გამოუთქვამს.

„მე ვვარაუდობ, ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს. თქვენ იცით, რომ სამწუხაროდ, დღემდე საუბარი იყო, თითქმის არ დარჩა ევროპის ქვეყანა, სადაც პარლამენტში არ გამოვიდა ან არ მიუმართავს უკრაინის პრეზიდენტს, არათუ თითქმის, არამედ ევროპაში არ არის არცერთი ქვეყანა, საიდანაც უკრაინას გაწვეული ჰყავს ელჩი.

ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ მიუხედავად საქართველოს და ქართველი ხალხის თანადგომისა ბევრი მიმართულებით – პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ლტოლვილებზე ზრუნვის, სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორების გახსნის – საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, საიდანაც ელჩი ჰყავს გაწვეული უკრაინის ხელისუფლებას. ამიტომაც ვვარაუდობ, რომ პრეზიდენტი იმ ქვეყანის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს არ მიმართავს, რომლის მიმართაც დიპლომატიური დემარში აქვს გამოცხადებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ოპოზიციას მიმართა, რომ თავიანთი ძალისხმევა უკრაინის ხელისუფლებისკენ მიმართონ, რათა საქართველოში ელჩი დააბრუნონ.

„არ შეიძლება ასეთი მეგობრული ხალხები და ქვეყნები იყოს ასეთ მდგომარეობაში, რომ ელჩი ჰყავდეს გაწვეული. საქართველოს ელჩი და საელჩო ბოლო მომენტამდე, დაბომბვამდე, იმყოფებოდა კიევში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს სიტყვით მიმართა. ზელენსკის საქართველოს პარლამენტში მოწვევის ინიციატივა ჰქონდა ოპოზიციის ნაწილსაც, თუმცა მას უმრავლესობა არ დაეთანხმა.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ელჩი იგორ დოლგოვი 1 მარტს გაიწვია კონსულტაციებზე. „მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, – თქვა მაშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თითქმის 1 თვის შემდეგ, 30 მარტს განაცხადა, რომ პირველად მოაწერა ხელი დეკრეტს მაროკოდან ელჩის გაწვევის შესახებ. მან იქვე განაცხადა, რომ “საქართველოდანაც დაბრუნებულია ელჩი”.

ამ დრომდე უკრაინის ელჩის მოვალეობებს ანდრი კასიანოვი ასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი