ახალი ამბები

სამნიძესა და ბერძენიშვილზე თავდასხმას შსს ძალადობის მუხლით იძიებს

7 ივნისი, 2022 • 530
სამნიძესა და ბერძენიშვილზე თავდასხმას შსს ძალადობის მუხლით იძიებს

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებზე, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით იძიებს. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ უწყებაში დაუდასტურეს.

ხათუნა სამნიძის თქმით, ის და დავით ბერძენიშვილი ქაშვეთის ტაძართან მიდიოდნენ, რა დროსაც ორი კაცი თავს დაესხა პოლიტიკური ნიშნით და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისი თქმით, მას და ბერძენიშვილს თავდამსხმელებმა ხელი ჰკრეს, თუმცა ფიზიკური დაზიანებები არ მიუღიათ.

„გამოგვყვნენ, მე შუაში ჩავდექი, მეც მაგინეს და მუქარა იყო, რომ „ქალაქში თქვენ მარტო ვერ გაივლით, დაცვის გარეშე… ნახეთ, რას გიზამთ და ასე შემდეგ… თქვენ ხართ ამ ქვეყნის მოღალატეები და ა.შ. ხელის შეხებაც იყო და ხელის კვრაც, ჩხუბიც მოხდა. მე ვიგრძენი სერიოზული საფრთხე, რომ რაღაც მოხდებოდა და ფიზიკურად დაგვაზიანებდნენ, ისეთი ძალადობა იყო“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დეპუტატის თქმით, მას დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ თავდამსხმელები პატრულს მანქანაში ჩაესვა. როგორც სამნიძე ამბობს, ელოდება, რომ ოქმს შეადგენენ და მოხდება აღნიშნული პირების არა გარიდება, არამედ დასჯა, რადგან პირდაპირ ემუქრებოდნენ.

„პატრული ვერ გამოვიძახეთ, ვყვიროდი, გამოიძახეთ-მეთქი და არავინ არ გამოიძია და ოდნავ რომ მოვიშორე [თავდამსხმელები], მოპირდაპირე მხარეს გადავედი პარლამენტთან, სადაც პატრული დგას… დიდი ჩხუბით მოვიყვანე [პატრული]“, – განაცხადა სამნიძემ.

როგორც დავით ბერძენიშვილმა „ფორმულასთან“ განაცხადა, თავდამსხმელებმა მას უთხრეს, რომ ის და მისი ძმა „ერეკლე მეფეს აგინებდნენ“.

მე დავაპირე მშვიდი საუბარი, მათი ინტერესი არ იყო მშვიდი საუბარი. მერე გვითხრეს, ჩვენ წმინდანს აგინებს შენი ძმა, თქვენც აჰყევით. მე ვუთხარი, ერეკლე წმინდანი არ იყო, მერე გადავიდა გინებაზე, აქ ვერ გაივლითო, სიტყვიერი შეურაცხყოფა პირდაპირ მიაყენა ხათუნას“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

„ნეტგაზეთი“ შეეცადა გაერკვია, პატიმრობაში იმყოფებოდნენ თუ არა ის პირები, რომლებიც პოლიტიკოსებს, სავარაუდოდ, დაესხნენ თავს. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ვერ დაგვიდასტურებდნენ.


ბოლო კვირებია, „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლის, პუბლიცისტ ლევან ბერძენიშვილის განცხადება ერეკლე მეორესთან დაკავშირებით განხილვის თემაა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა:

„ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღაბირაშვილი გამოვა, იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა, ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითხდებოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება“?

ბერძენიშვილის ამ შეფასებას ისტორიკოსების ნაწილი არ დაეთანხმა. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბექა კობახიძემ ფეისბუკზე დაწერა: „თეზა, რომ ერეკლე მეორე არის „მოღალატე“, იმიტომ, რომ რუსეთს დაგვაკავშირა, ნიშნავს მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეში ერეკლეს გადმოყვანას და ამ დებულებას არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან“.

თუმცა პროცესები პროფესიულ კრიტიკას გასცდა. „მითების დეტექტორის“ ცნობით, ფეისბუკზე გავრცელდა ბერძენიშვილის ნათქვამი სხვა ფრაზებიც, – კონტექსტიდან ამოგლეჯილად, შეურაცხმყოფელი კომენტარებით.

მოგვიანებით manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები ითხოვენ, რომ ბერძენიშვილს „სტუდენტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს საგანმანათლებლო კუთხით“.

რამდენიმე დღის წინ, 28 მაისს, თელავში, ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმთან აქცია გაიმართა „ერეკლე II-ის დასაცავად“. აქციაზე ასევე მოითხოვეს ერეკლე II-ის წმინდანად შერაცხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი