ახალი ამბები

“ერთად ევროპისკენ” — აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე

5 ივნისი, 2022 • 1368
“ერთად ევროპისკენ” — აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, იმართევბა აქცია სახელწოდებით “ერთად ევროპისკენ”. სოციალური ქსელით დაგეგმილი შეკრების ორგანიზატორებმა მოედანზე მიიწვიეს ყველა, “ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია ფასეულია”.

“[ვიწვევთ] პოლიტიკოსებს და პარტიებს გაცხადებული ევროპული კურსით, საზოგადოებრივ სექტორს, საჯარო პირებს, მის უდიდებულესობა ხალხს… ყველა იმ მოქალაქეს, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა მას ეკუთვნის! რათა გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნება – შევუერთდეთ ევროპულ მძლავრ ოჯახს!” — აღნიშნულია მიმართვაში.

აქციაზე საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები ჩანს. საქართველოს ევროინტეგრაციის სურვილს ადგილზე მისული მოქალაქეები ევროკავშირის დროშაზე ხელმოწერებით აფიქსირებენ.

“ამ უღრმესი სიმბოლიკით სავსე დროშა ბრიუსელში გაიგზავნება”, — ამბობენ ორგანიზატორები.

როგორც უკრაინამ, ისე საქართველომ და მოლდოვამ, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეიტანეს.

ივნისის პირველ ნახევარში ევროკომისია ხსენებული ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოსაზრების დოკუმენტს წარადგენს, რომელზე დაყრდნობითაც მოგვიანებით გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული საბჭო.

გარეკანის ფოტოები: ნუცა მახარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი