ახალი ამბები

კონტექსტი უნდა იცოდე, როდის რა განცხადება გააკეთო – კობახიძე პრეზიდენტს აკრიტიკებს

27 მაისი, 2022 • 1000
კონტექსტი უნდა იცოდე, როდის რა განცხადება გააკეთო – კობახიძე პრეზიდენტს აკრიტიკებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 26 მაისთან დაკავშირებულ სიტყვას აკრიტიკებს. მისი თქმით, პრეზიდენტმა უნდა იცოდეს კონტექსტი და ის, თუ როდის რა განცხადება უნდა გააკეთოს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ“.

კობახიძის თქმით, ზურაბიშვილის კრიტიკა უარგუმენტოა და ამით მან პრეზიდენტის ინსტიტუტი დააზიანა.

„რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ განცხადებას, მე მგონი, სირცხვილი სწორედ ეს განცხადება იყო, ამას ძალიან პირდაპირ და თამამად ვამბობ. ჯერ ერთი, 26 მაისს, საზეიმო დღეს როდესაც არ იცი, რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ამაზე უნდა მივანიშნოთ პრეზიდენტს, რომ დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არის სერიოზული პრობლემა.

რაც შეეხება სასამართლოს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უერთდება სრულიად უარგუმენტო კამპანიას სასამართლოს წინააღმდეგ, ეს არის სერიოზული პრობლემა. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, უფრო სწორად ასეა ეს, ამ არასწორი განცხადებით მან სცადა სასამართლო სისტემის ინსტიტუტის დაზიანება, თუმცა მან დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არის რეალობა. ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე, როდის რა განცხადება გააკეთო და მეორე, შინაარსში.ოპოზიცია რომ აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს, ეს ერთია, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს და თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს არის სერიოზული პრობლემა და ეს არის სერიოზული გადახვევა იმ როლიდან, რაც აქვს პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტების გარანტს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ეს შეიძლება აღსანიშნი არ ყოფილიყო იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტმა „პრაქტიკულად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიხსენია, როგორც მეზობლები“.

„საუბარი ჰქონდა მათ სუვერენულობაზე. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, სასამართლოსთან დაკავშირებული არასწორი განცხადება არის არაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველო „ომითა და ძალით“ ტერიტორიების დაბრუნებას არ აპირებს. მან მსგავსი განწყობების ხელოვნურად შექმნაში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულა.

„ყველასათვის ნათელია დღეს, რომელი ქვეყანა ემუქრება მის მეზობლებს, და მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და თუნდაც სიცოცხლეს – ეს საქართველო არაა. გთავაზობთ, რომ როგორც წარსულში ერთად ვქმნიდით ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი. გთავაზობთ, ევროპულ ერთიან მომავალთან შემოერთებას, თავისუფლებას, თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემასა და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი