ახალი ამბები

ზურაბიშვილი სასამართლოზე: „სირცხვილია, რომ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ“

26 მაისი, 2022 • 1610
ზურაბიშვილი სასამართლოზე: „სირცხვილია, რომ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ“

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეზე, ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას სასამართლო გააკრიტიკა.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს გზა ევროპისკენ არ გახსნილა უსისხლოდ და მსხვერპლის გარეშე. ზურაბიშვილის თქმით, ეს გზა ჩვენმა წინაპრებმა გაკაფეს და საქართველოს საუკუნოვანი მისწრაფება ეფუძნებოდა იმ შეგნებას, რომ ქვეყანას საერთო ფასეულობები აერთიანებდა და აკავშირებდა ევროპულ ცივილიზაციასთან. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართული რწმენის, იდენტობისა და ფასეულობებს რიგი დამპყრობელი იმპერიებისგან დაცვისას, საქართველო ევროპასაც იცავს.

პრეზიდენტის თქმით, ეს საერთო ფასეულობები მოიცავდა ყველაფერს, რაც დღეს საქართველოს ევროპული მომავლის გასაღებს წარმოადგენს. ზურაბიშვილი 4 მთავარი ფასეულობას და პრინციპს, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოს მრავალსაუკუნოვან ტრადიციას გამოყოფს და აღნიშნავს, რომ სირცხვილია, როცა ქვეყანა ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ აგრძელებს:

„სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს: ეს იქნება ანტიკური ხანის ჩვეულებითი სამართალი, მე-13 საუკუნის „წიგნი სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე“, მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის სისხლის სამართალს თუ ვახტანგ VI-ის სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ.

ქართული კულტურის ქვაკუთხედად მიიჩნეოდა ის, რაც ევროპისთვისაც განმსაზღვრელ ფასეულობას წარმოადგენდა — შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება. დღესაც, ამ ტრადიციის გაგრძელება გვევალება ჩვენც და ევროპასაც.

ევროპასა და საქართველოს ქრისტიანობა ერთნაირად გვკარნახობდა ადამიანის სამყაროს ცენტრად აღიარებას და მაშასადამე, მისი ყველა უფლების პატივისცემას და დაცვას. და ადამიანს რომ ვამბობ, ქალს ვამბობ. ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე, ესეც დღის წესრიგში დგას.

და ბოლოს, ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად. თამარ მეფის XII საუკუნეს უკავშირდება პირველი მონახაზი აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების დაყოფა და დაბალანსება, „კარავისა“ და „დარბაზის“ სახით, რაც ქართული პარლამენტარიზმის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევა“ – აცხადებს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილის თქმით, საჭიროა კარგად გააზრება, რომ ამ ღირებულებების დაცვა არც სხვისი ნაკარნახები ნების შესრულებაა, არც გაუცხოების და იდენტობის დაკარგვის საფრთხეა, არამედ პირიქით – ევროპის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯებით სიარული, საკუთარ თავთან დაბრუნებას უდრის. ამიტომ არის, რომ შემეცნებით თუ ინტუიციურად, ამ გზას მხარს უჭერს მთელი საზოგადოება და ეს მხარდაჭერა წლების მანძილზე არათუ შენელდა, არამედ გაძლიერდა:

„დღეს, პირველად რეალური შანსი გაჩნდა. ამ შანსის ხელიდან გაშვებას, არც ამ მიზნის ირგვლივ შეკრული სამოქალაქო საზოგადოება, არც ჩვენი წინაპრების სულები, არც მომავალი თაობები არ გვაპატიებენ. სამაგიეროდ ამ გზაზე წარმატების მიღწევას ვინც შეძლებს, ყველა დაიმკვიდრებს ქართულ ისტორიაში უნიკალურ ადგილს და დაფასებას. არჩევანი თქვენია! არჩევანი ჩვენია“ – ამბობს ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი