ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოკუპირებული ტერიტორიების ძალით დაბრუნებას არ ვაპირებთ — ზურაბიშვილი

26 მაისი, 2022 • 2452
ოკუპირებული ტერიტორიების ძალით დაბრუნებას არ ვაპირებთ — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველო „ომითა და ძალით“ ტერიტორიების დაბრუნებას არ აპირებს.

მან მსგავსი განწყობების ხელოვნურად შექმნაში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულა.

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოწვევები არ ცხრება და ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, რომ მოსახლეობას დააჯერონ, თითქოს საქართველომ შეიძლება დრო იხელთოს და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება. ეს აშკარა რუსული მორიგი დეზინფორმაციაა.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომითა და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ.

ყველასათვის ნათელია დღეს, რომელი ქვეყანა ემუქრება მის მეზობლებს, და მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და თუნდაც სიცოცხლეს – ეს საქართველო არაა.

გთავაზობთ, რომ როგორც წარსულში ერთად ვქმნიდით ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი. გთავაზობთ, ევროპულ ერთიან მომავალთან შემოერთებას, თავისუფლებას, თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემასა და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაციაა.

„ამ დროს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, რეფერენდუმისა და ანექსიის მუქარა, ვერ მიაღწევს შედეგს. ჩვენს შორის დაპირისპირების გაღვივებისა და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის.

რუსეთმა კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა და დანაშაული არ უნდა დაუშვას და კიდევ ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმისა და პრინციპის აბუჩად აგდება. ეს უპასუხოდ არ დარჩება და გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაქციებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ქართული სამხედრო ტექნიკის თანხლებით, თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი