საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მისთვის გასაკვირია ის ბუნდოვანება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ინარჩუნებს მოსამართლე ჩხიკვაძის ბრალდებებთან დაკავშირებით და საჭიროდ მიიჩნევს განმარტებების გაკეთებას.
ამის შესახებ პაპუაშვილმა განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების — სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის — აშშ-ის ელჩისადმი მორიგი ღია წერილის შესახებ და იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ელჩმა უპასუხოს დეპუტატის კითხვებს. სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი აცხადებენ, რომ უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც ელჩს რამდენიმე კითხვით მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
„საერთო ჯამში, ჩემთვის ცოტა გასაკვირია ის ბუნდოვანება, რომელიც, სამწუხაროდ, ამ საკითხში რჩება“, — განაცხადა, თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, წლების განმავლობაში მუშაობდა გერმანულ ორგანიზაციაში, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში რეფორმებს უწყობდა ხელს და ჩართული იყო მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლებას პროგრამებში.
„მე ძალიან კარგად ვიცი, თუ რამხელა წვლილი, როლი და ღვაწლი აქვს აშშ-ს საქართველოში სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების განვითარებაში, ამიტომ ძალიან მიკვირს, რომ ეს ბუნდოვანება კვლავ შენარჩუნებულია. ჩვენ მოვისმინეთ მოსამართლის ძალიან მძიმე განცხადება, რომ შესაძლოა, საქმე გვქონოდა ზეწოლასთან მოსამართლეზე და ასევე, შესაძლოა, საქმე გვქონდა დისკრიმინაციულ მიდგომასთან მოსამართლის მიმართ.
ამაზე, ნაცვლად გამჭვირვალე განმარტებისა, სამწუხაროდ, ბუნდოვანება არის შენარჩუნებული. როგორც მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში აშშ-ის ჩართულობის გულშემატკივრისთვის, ჩემთვისაც მნიშნელოვანია, რომ ჩრდილი არ მიადგეს ამ დახმარებას. მე პირადად მექნებოდა მოლოდინი, რომ ამ მხრივ აშშ-ის საელჩო იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და თუკი საჭიროა რაღაც განმარტებების გაკეთება მოსამართლის მიმართ პირადად თუ საჯაროდ, გამონახონ ფორმა და ეს განმარტებები გააკეთონ.
ასევე მაქვს მოლოდინი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება ამ საკითხით, ვინაიდან საქმე ეხება საქართველოს მოსამართლეს და მნიშვნელოვანია, აქ რამე ბუნდოვანება და კითხვის ნიშანები არ დარჩეს. ეს აშშ-თან ჩვენი პარტნიორული ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, როგორც გულშემატკივარი ამ პარტნიორობისა, იმედი მაქვს, უფრო მეტი გამჭვირვალობა იქნება“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს გვარამიას მიუსაჯა 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა.
ამის შემდეგ შეერთებული შტატების საელჩომ მოსამართლე ჩხიკვაძე აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.
24 მაისს, როდესაც შეერთებული შტატების საელჩოს ლაშა ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის საკითხზე განმარტება მოსთხოვა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
„ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებენ. საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და, დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე, ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა“.
ამ განცხადების შემდეგ შტატებში არ გაემგზავრა ამავე პროგრამის მონაწილე დანარჩენი ხუთი ქართველი მოსამართლეც.
ლაშა ჩხიკვაძემ რამდენიმე დღის წინ წერილი გაავრცელა, რომელშიც აშშ-ს ზეწოლაში ადანაშულებდა და ამბობდა, რომ მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, კევინ ბურკი შეხვდა, რომელმაც საუბრისას ჰკითხა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი საპატიმრო სასჯელით. ჩხიკვაძე აცხადებდა, რომ მისი შეფასებით ეს იყო „ანგარიშის მოთხოვნა“ ამ საქმესთან დაკავშირებით.
არ არსებობს ადამიანი საელჩოში, რომელსაც მოსამართლეზე ზეწოლა უცდია – დეგნანი