ახალი ამბები

მოსამართლე ჩხიკვაძისთვის სანქცია არ დაგვიკისრებია — დეგნანი

28 ივლისი, 2022 • 773
მოსამართლე ჩხიკვაძისთვის სანქცია არ დაგვიკისრებია — დეგნანი

აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის თქმით, შეერთებულ შტატებს მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაარ გამოუყენებია  მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დასასჯელად.

„რადგან, როგორც ჩანს, ზოგს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია. ჩვენ არ ვერევით საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ გვაქვს ფარული შეხვედრები.

ასე იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. პირიქით, რეგულარულად ვმუშაობთ მოსამართლეებთან, პროკურორებთან და ადვოკატებთან საქართველოში, ხელს ვუწყობთ მათი სამართლებრივი უნარების განვითარებას კანონის გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად ადმინისტრირებისთვის“, — განახადა დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს გვარამიას მიუსაჯა 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა.ამის შემდეგ შეერთებული შტატების საელჩომ მოსამართლე ჩხიკვაძე აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.24 მაისს, როდესაც შეერთებული შტატების საელჩოს ლაშა ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის საკითხზე განმარტება მოსთხოვა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებენ. საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და, დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე, ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა“.

ამ განცხადების შემდეგ შტატებში არ გაემგზავრა ამავე პროგრამის მონაწილე დანარჩენი ხუთი ქართველი მოსამართლეც.

მაშინ ლაშა ჩხიკვაძემ მედიასთან ახსნა-განმარტების გაკეთება არ ისურვა, ცოტა ხნის წინ კი წერილი გაავრცელა, რომელშიც აშშ-ს ზეწოლაში ადანაშულებდა და ამბობდა, რომ მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, კევინ ბურკი შეხვდა, რომელმაც საუბრისას ჰკითხა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი საპატიმრო სასჯელით. ჩხიკვაძე აცხადებდა, რომ მისი შეფასებით ეს იყო „ანგარიშის მოთხოვნა“ ამ საქმესთან დაკავშირებით.

https://netgazeti.ge/news/622291/

 

მასალების გადაბეჭდვის წესი