ახალი ამბები

„გაყიდული თამაშების“ გამო ორი ქართული კლუბი დაისაჯა

23 მაისი, 2022 • 1041
„გაყიდული თამაშების“ გამო ორი ქართული კლუბი დაისაჯა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ზუგდიდის „დინამო“ და თბილისის „შევარდენი 1906“ მატჩების გაყიდვისა და თაღლითური გარიგებების გამო დასაჯა.

ფედერაციის ცნობით, 21 მაისს, სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომაზე განიხილეს უეფას სპორტული სამართლიანობის განყოფილების ანგარიში, რომელიც ამ ორი კლუბის მიერ ჩატარებული მატჩების შედეგებზე თაღლითური ფსონების ზეგავლენას მიმოიხილავდა.

ორივე კლუბი ასპარეზობს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 2-ში.

ფედერაციის თანახმად, სადისციპლინო კომიტეტი გაეცნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მენეჯერის მიერ თფა-ს ანგარიშის მიხედვით შედგენილ მოხსენებით ბარათსა და მატჩების საეჭვო ეპიზოდების ვიდეო ჩანაწერს.

საბოლოოდ, კომიტეტმა კლუბ ზუგდიდის „დინამოსა“ და მის ფეხბურთელებთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება:

  • ზუგდიდის „დინამო“ მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან.
    • დაქვეითდა ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში;
  • იგი დისკვალიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან;
  • დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით;
  • ზუგდიდის „დინამოს“ ფეხბურთელებს, ნიკა აფხაზავას, ნიკოლოზ ბერიშვილს და ავთო ენდელაძეს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით.
  • სერგეი დიაჩუკს, ნიკოლოზ ხარაბაძეს, არველოდ ხუნჯგურუას და როინ ჩხაიძეს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 6 თვის ვადით
  • ს.კ. ზუგდიდის „დინამოს“ ფეხბურთელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმა: ნიკა აფხაზავას – 5 000 ლარი; ნიკოლოზ ბერიშვილსა და ავთო ენდელაძეს – 3 500 ლარი; სერგეი დიაჩუკს, ნიკოლოზ ხარაბაძეს, არველოდ ხუნჯგურუასა და როინ ჩხაიძეს – 2 000 ლარი.

რაც შეეხებათბილისის „შევარდენი 1906“-სა და და მის ფეხბურთელებს:

  • „შევარდენი 1906“ მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან. ისიც დაქვეითდა ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში;
  • კლუბი დისკავლიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან;
  • კლუბი დაჯარიმდა 10 000 ლარით;
  • კლუბის ფეხბურთელებს, ნიკოლოზ ჯიშკარიანს, გიორგი ნადირაძეს, ილია რეხვიაშვილს, დმიტრო ზოზულიას და ოლექსანდრ ვეჩტომოვს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით;
  • ნიკა ქორიძეს და იგორ კირიენკოს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 6 თვის ვადით;
  • „შევარდენი 1906-ის“ ფეხბურთელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმა: დმიტრო ზოზულიას, ოლექსანდრ ვეჩტომოვს,ილია რეხვიაშვილს, ნიკოლოზ, ჯიშკარიანსა და გიორგი ნადირაძეს – 3 500 ლარი; ნიკა ქორიძესა და იგორ კირიენკოს 2 000 ლარი;

გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია 7 კალენდარული დღის ვადაში.

ზაზა ჯანაშია, ზუგდიდის „დინამოს“ პრეზიდენტი „ფორმულასთან“ საუბარში ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება გაუგებარია და კლუბისთვის წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი