UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ჯამში, 46 000 ევროთი დააჯარიმა სტადიონზე გულშემატკივრის შეუსაბამო ქცევის გამო.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველო-თურქეთის მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს შორის ჩხუბისა და დაპირისპირების გამო UEFA-მ ორივე ქვეყნის საფეხბურთო ფედერაცია დააჯარიმა.
აღნიშნული ინციდენტისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის დაწესებული ჯარიმა 30 000 ევროს (32 300 აშშ დოლარი) შეადგენს, თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია კი 25 000 ევროთი (26 900 აშშ დოლარით) დააჯარიმეს.
ამასთან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 6 250 ევროს ოდენობით ჯარიმა პიროტექნიკის სტადიონზე გაშვების გამოც დაეკისრა.
ასევე, ფედერაციას 8 000 ევროს ოდენობით ჯარიმა დაეკისრა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის დროს გულშემატკივრის მოედანზე შევარდნის გამო. ამავე შეხვედრაზე 1 750 ევროს ოდენობით ჯარიმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაეკისრა გულშემატკივრების მიერ სტადიონზე პიროტექნიკის გაშვების გამოც.
როგორც Associated Press წერს, ჯგუფურ ეტაპზე UEFA-ს მიერ დაწესებული სანქციების რაოდენობა 1.3 მილიონ ევროს აღწევს. გამოცემა წერს, რომ 24 მონაწილე ქვეყნიდან ჯარიმა 22-ს დაეკისრა. გამონაკლისი მხოლოდ სლოვაკეთი და ესპანეთია.
ევრო 2024 საქართველოსთვის ნაკრებისთვის სადებიუტო იყო. საქართველოს ნაკრები ტურნირის F ჯგუფში ასპარეზობდა, თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთად. პირველი შეხვედრა ეროვნულმა გუნდმა თურქეთთან გამართა, სადაც ანგარიშით 3:1 დამარცხდა.
პირველი ისტორიული ქულა კი საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან ნათამაშები ფრის შემდეგ მოიპოვა. ეროვნულმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0, ჯგუფში 4 ქულის დაგროვება შეძლო და ტურნირის პლეი-ოფში ჯგუფში მესამე ადგილით გადავიდა.
მერვედფინალურ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებს ესპანეთის ნაკრები შეხვდა. შეხვედრა ესპანელების გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.
მთავარ ფოტოზე: დაპირისპირება ქართველ და თურქ გულშემატკივარს შორის დორტმუნდის სტადიონზე. 18 ივლისი, დორტმუნდი/EPA-EFE/FRIEDEMANN VOGEL