ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

,,უდიები – 100 წელი საქართველოში” – ფოტოგამოფენა თბილისში

22 მაისი, 2022 • 2895
,,უდიები – 100 წელი საქართველოში” – ფოტოგამოფენა თბილისში

თბილისში ,,კავკასიურმა სახლმა” ორგანიზაცია ,,საქართველოს უდიებთან” ერთად 21 მაისს გახსნა ფოტოგამოფენა ,,უდიები – 100 წელი საქართველოში”. 2022 წელს უდიების საქართველოში დასახლების 100 წლისთავი აღინიშნება.

ვინ იყვნენ უდიები?

უდიები კავკასიის ალბანელთა შთამომავლები არიან. კავკასიის ალბანეთი სამეფო ძვ.წ. III საუკუნეში დაიწყო ჩამოყალიბება დღევანდელი აზერბაიჯანის, სამხრეთ დაღესტნის და ამჟამინდელი კახეთის ერთი ნაწილის ტერიტორიაზე. ალბანელებმა, ქართველების და სომხების მსგავსად, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მე-4 საუკუნეში გამოაცხადეს. კავკასიის ალბანელებს გააჩნდათ საკუთარი დამწერლობაც, რომელიც მე-9 საუკუნეში მათი სამეფოს ჩამოშლასთან ერთად ამოვარდა ხმარებიდან.

ალბანელთა დიდი ნაწილი მეზობელ და რეგიონში ახლადმოსულ ხალხთან ასიმილირდა, თუმცა უდიების ნაწილმა მოახერხა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება. დღეს უდიები კომქატურად აზერბაიჯანში, რუსეთსა და საქართველოში ცხოვრობენ. საქართველოში ერთადერთი უდიური სოფელი ზინობიანია, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

ორგანიზაციის ,,საქართველოს უდიები” თანადამფუძნებლის ალექსანდრე ქავთარაძის თქმით, 1922 წელს, აზერბაიჯანის სოფლებიდან – ვართაშენიდან (ამჟამინდელი ოღუზი) და ყიშლაღიდან უდიების ნაწილი საქართველოში გადმოვიდა და მაშინდელ თელავის მაზრაში დასახლდა (ამჟამინდელ ყვარლის მუნიციპალიტეტში), რომელთაც მალევე დაიწყეს სოფლის მშენებლობა, რომელსაც მათი წინამძღოლის [ზინობი სილიკაშვილი] საპატივცემულოდ – ზინობიანი ეწოდა.

22 მაისს, ,,კავკასიურ სახლშივე” გაიმართება საჯარო მოხსენება, სადაც მომხსენებლები საზოგადოებას გააცნობენ უდიების ისტორიასა და ამჟამინდელ ყოფას.

ფოტოგამოფენის "უდიები - 100 წელი საქართველოში” გახსნა კავკასიურ სახლში

ფოტოგამოფენის “უდიები – 100 წელი საქართველოში” გახსნა კავკასიურ სახლში

მასალების გადაბეჭდვის წესი