ახალი ამბები

კობახიძე ფონ კრამონს უწოდებს “კრიმინალების მფარველს”, რომელზეც “არ შეიძლება სერიოზული განცხადების გაკეთება”

19 მაისი, 2022 • 1551
კობახიძე ფონ კრამონს უწოდებს “კრიმინალების მფარველს”, რომელზეც “არ შეიძლება სერიოზული განცხადების გაკეთება”

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს “კრიმინალების მფარველად” მოიხსენიებს და დასძენს, რომ მასზე სერიოზული განცხადების გაკეთება არ შეიძლება.

მანამდე ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებებს, რომელთა თანახმადაც “უცხოელების პატარა ჯგუფი”, მათ შორის, ვიოლა ფონ კრამონი, “პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში” და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ეს ხალხი „მოგვყიდოს როგორც თვით ევროპა, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის“.

“ეს არ არის “პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფი”, რომელიც აკრიტიკებს დემოკრატიის უკუსვლას, არამედ საკვანძო პოლიტიკოსები, რომლებიც განსაზღვრავენ ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოს მიმართ ევროპარლამენტსა და მის ფარგლებს გარეთ”.

“ამასობაში ქართულმა ოცნებამ მოახერხა დემოკრატიის გაუარესება და მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოს გადასვლა 60-დან 89-ე ადგილზე 1 წელიწადში”, — დაწერა ფონ კრამონმა საპასუხოდ.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, როგორ უპასუხებდა კობახიძე ევროპარლამენტარის ამ შეფასებებს.

“ვიოლა ფონ კრამონზე საერთოდ არ შეიძლება სერიოზული განცხადების გაკეთება და ბევრი მიზეზი მაქვს [ამისთვის]”, — დასძინა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, “ყველა ტელევიზია ისევე მუშაობს, როგორც მუშაობდა შარშან. სად არის უკუსვლა? უკუსვლა არის აღქმებში”.

ამ აღქმებს ატრიალებენ აქ — “ნაც. მოძრაობა”, იქ — ფონ კრამონები, ფოტიგები და ა.შ. ეს არის სინამდვილეში ერთი პატარა, რაღაცა ჯგუფი…

ზუსტად ესენი არიან ანტი ევროკავშირი, ასეთი ადამიანები, რომლებიც მუდმივად უსამართლობისკენ უბიძგებენ სისტემას”, — აღნიშნა მან.

კობახიძე უშუალოდ ნიკა გვარამიას საქმესაც შეეხო და დასძინა, რომ ვიოლა ფონ კრამონმა “ძალიან კარგად იცის, რომ გენ. პროკურორობის დროს უამრავ საზიზღრობას აკეთებდა ეს კაცი და ახლა “რუსთავი 2″ გაძარცვა”.

“ეს იცის ვიოლა ფონ კრამონმა, მაგრამ სხვა რამეს ლაპარაკობს. რატომ? იმიტომ, რომ არის კრიმინალების მფარველი”, — განაცხადა კობახიძემ.

გვარამიას პატიმრობა და ევროპარლამენტარების გამოხმაურება

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

8 ევროპარლამენტარმა — მათ შორის, ვიოლა ფონ კრამონმა, ანდრიუს კუბილიუსმა, მარკეტა გრეგორევამ, ანა ფოტიგამ და სხვებმა — თქვა, რომ დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე მიღებული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებაა.

წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი — ვიოლა ფონ კრამონი

მასალების გადაბეჭდვის წესი