საზოგადოება

საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს – ევროპარლამენტარები გვარამიას დაკავებაზე

17 მაისი, 2022 • 1447
საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს – ევროპარლამენტარები გვარამიას დაკავებაზე

ევროპარლამენტარები „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე მიღებული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებაა.

ევროპარლამენტარების თქმით, ნიკა გვარამიას დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს,რომელიც მოითხოვს დემოკრატიული ღირებულებებს, მათ შორის მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობის მხრივ.

„სამწუხაროდ, სასამართლოს მიერ გამოტანილი ეს საეჭვო გადაწყვეტილება აგრძელებს კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ დევნის, დაშინებისა და ფიზიკური თავდასხმის ფართოდ გავრცელებულ ზოგად ტენდენციას.

ბევრმა ჩვენგანმა ერთხელ უკვე ისაუბრა ბატონი გვარამიას წინააღმდეგ არაეთიკური თავდასხმაზე, როდესაც საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან ბატონი გვარამიას პირადი მონაცემები გაასაჯაროვა. მაშინ, ჩვენს სრულიად გამართლებულ ეჭვებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან პასუხად ვიღებდით არგუმენტებს, „კი, მაგრამ რას იტყვით ენმ-ის დროინდელ პრობლემებზეო”,- აცხადებენ ევროპარლამენტარები.

მათი თქმით, გვარამიასთან დაკავშირებით ქართული სასამართლოს „უსაფუძვლო გადაწყვეტილება“ დიდი ხნის დაგვიანებული სასამართლო რეფორმის შედეგია.

„ვალდებულება, რომელიც საქართველოს მთავრობამ აიღო 19 აპრილის შეთანხმებით, მაგრამ არ შესრულებულა. შერჩევითი სამართალი და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაუარესება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროპულ არჩევანს გახდეს კანდიდატი და საბოლოოდ ევროკავშირის წევრი. ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც საქართველოს ხალხს სურს და იმსახურებს“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების საერთო განცხადებაში.

განცხადების ხელს აწერენ შემდეგი ევროპარლამენტარები:

  • ანდრიუს კუბილიუსი (EPP)
  • ანა ფოტიგა (ECR)
  • მარკეტა გრეგოროვა(Greens/EFA)
  • მაიკლ გალერი(EPP)
  • პეტრას აუსტრევიჩიუსი (Renew)
  • რაფაელ გლუკსმანი (S&D)
  • სვენ მიკსერი (S&D)
  • ვიოლა ფონ კრამონი (Greens/EFA)

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი