საზოგადოება

წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი — ვიოლა ფონ კრამონი

19 მაისი, 2022 • 3193
წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი — ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი იმედგაცრუებულია საქართველოს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის ბრალდებებით.

თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოორდინირებულად მუშაობს, რათა „გადააყირაონ ეს მთავრობა“.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან გაკვირვებული ვარ. 2012 წელს მე ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა თეა წულუკიანთან. მე მაშინ საქართველოში, მის ოფისში ვიყავი და ბევრი ვისაუბრეთ. ორივეს ძალიან გვიხაროდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიშას (სააკაშვილის) გადარჩევა მოხდა. კანონის უზენაესობაზე, ციხეებში პატიმრების საკითხებზე, დემოკრატიულ რეფორმებზე ჩვენ აბსოლუტურად ერთ მხარეს ვიყავით. მე ვიცი, რომ ის ძალიან განათლებული ადამიანია. წლების განმავლობაში მუშაობდა ევროპაში, ევროპული სასამართლოსთვის. ის დემოკრატიის მხარდამჭერი იყო, მაგრამ ახლა რაღაც მოხდა. არანაირი იდეა არ მაქვს, რატომ გახდა ის ასეთი რადიკალური და რატომ ავრცელებს ასეთ ინფორმაციებს. მე „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკში არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ. მიკვირს რატომ ამირჩია მე. რადგან აქ, ევროპის პარლამენტში 5 მსხვილი პარტია ვართ, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ერთნაირად ფიქრობს. მისი ბრალდებები ჩემზე აბსოლუტურად უსაფუძვლოა და იმედგამაცრუებელია“, — განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი.

„როცა პუტინს აკრიტიკებენ, მათ რუსოფობებს ეძახიან, არადა ეს კრიტიკა არ მიემართება რუს ხალხს, ჩვენ ვაკრიტიკებთ პუტინის რეჟიმს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც — ჩვენ ვაკრიტიკებთ არა ქართველ ხალხს და საქართველოს, არამედ, ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ, როგორც ქვეყნის წარმომადგენელს, რადგან მოვლენები მათი მხრიდან არასწორი მიმართულებით ვითარდება“, — ამბობს ევროპარლამენტარი.

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი და აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოორდინირებულად მუშაობენ, რათა „გადააყირაონ ეს მთავრობა“.

„ამ უცხოელების პატარა ჯგუფს, მე მათში ვგულისხმობ, მაგალითად, ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ გერმანელ პოლიტიკოსს ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს, რომელსაც მე მგონი, თავის საარჩევნო ოლქში არ აქვს იმდენი საქმე და პირდაპირ დაკავებულია, პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში და ხან ვის დაუქნევს თითს, ხან ვის და ჰგონია, რომ მას ამისი უფლება აქვს.

ასევე, არის ბატონი იან კელი, რომლის.. ერთი იან კელის წონის ცრემლები აქვს ერთ ქართველ დედას დაღვრილი, როდესაც თავის შვილებს სწორედ ევროპული და დასავლური არჩევანის დასაცავად უშვებდა სხვადასხვა ბრძოლაში. მას არ ერიდება, მაგალითად, რომ ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე ქართველ ერს ან მის მთავრობას მიაყენოს შეურაცხყოფა“, — თქვა მან.

წულუკიანმა დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ეს ხალხი „მოგვყიდოს როგორც თვით ევროპა, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის“. დამატებით კითხვაზე, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მათ, წულუკიანმა უპასუხა:

„ვიწრო პარტიული ინტერესი აქვს, „ნაციონალებთან“ ერთად, რომ გადააყირაოს ეს მთავრობა“.

ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი მწვავე კრიტიკოსი იყო. 2012 წლის აპრილში საქართველოში გერმანიის მარშალისა და ბოშის ფონდების 15-კაციანი დელეგაცია უნდა ჩამოსულიყო. მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი განაცხადა შეხვედროდა დელეგაციას, თუ მის შემადგენლობაში გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი და ბუნდესტაგის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი იქნებოდნენ და ამის მიზეზად ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით დელეგაციის წევრთა პოზიციები დაასახელა. შედეგად, ფონდებმა ვიზიტი საერთოდ გააუქმეს.

ვიოლა ფონ კრამონმა მიხეილ სააკაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამოც გააკრტიკა და ბიძინა ივანიშვილთან ერთად, “მავნებელ ჩრდილოვან აქტორად” მოიხსენია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი