ახალი ამბები

“ჰეზბოლამ” უმრავლესობა დაკარგა: საპარლამენტო არჩევნები ლიბანში

18 მაისი, 2022 • 730
“ჰეზბოლამ” უმრავლესობა დაკარგა: საპარლამენტო არჩევნები ლიბანში

ირანის მხარდაჭერილმა, შიიტურმა დაჯგუფებამ “ჰეზბოლა” ლიბანის პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა, არაერთი მანდატი კი დამოუკიდებელმა, ტრადიციული პოლიტიკური დღის წესრიგის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებმა მოიპოვეს — ასეთია ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგი.

უმძიმესი ფინანსური კრიზისის დაწყების შემდეგ ლიბანელებს პირველად მიეცათ შანსი, საარჩევნო ყუთებთან მოეთხოვათ პასუხი პოლიტიკოსებისთვის, რომელთა პირობებშიც ეროვნული ვალუტა 95%-ით გაუფასურდა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა რიცხვმა კი, UN-ის თანახმად, 80%-ს მიაღწია.

ამასთან, ეს იყო პირველი კენჭისყრა, რომელიც ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი დამანგრეველი აფეთქების შემდეგ ჩატარდა. ტრაგედიას, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მრავალგზის მიაწერენ უსაზღვრო კორუფციასა და ხელისუფალთა უპასუხისმგებლობას.

მმართველი კლასის მიმართ ბრაზი ასობით ათასმა ლიბანელმა ჯერ კიდევ ღრმა კრიზისის დაწყებამდე, 2019 წელს დააფიქსირა. მაშინ ლიბანის ქალაქების ქუჩები მოიცვა მძლავრმა რევოლუციურმა პროტესტმა მთელი პოლიტიკური კლასის წინააღმდეგ. “ყველა ნიშნავს ყველას!” — სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

2022 წლის არჩევნებისგან გარდამტეხ პოლიტიკურ ცვლილებებს ნაკლებად ელოდნენ, თუმცა დამკვირვებლების ინტერესის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის კითხვა იყო, “ითარგმნებოდა” თუ არა მოქალაქეთა უკმაყოფილება საარჩევნო ხმებში.

პროტესტი ბეირუთის ცენტრში. 03.11.2019 ფოტო: EPA

ოფიციალური შედეგები, რომლებიც მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოქვეყნდა, ცხადყოფს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰეზბოლა”, რომელიც, პოლიტიკურის გარდა, მძლავრ სამხედრო ფრთასაც მოიცავს, კარგავს 2018 წლის არჩევნებზე მოპოვებულ საპარლამენტო უმრავლესობას.

ანტი-ისრაელურ “ჰეზბოლას” დიდი გავლენა აქვს ლიბანის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. მისი ორივე ფრთა — პოლიტიკურიც და სამხედროც — აშშ-ს ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს გამოცხადებული.

საგულისხმოა, რომ უშუალოდ “ჰეზბოლას” მანდატების რაოდენობა (13) არ შემცირებულა, თუმცა ადგილები დაკარგეს მისმა პარტნიორებმა, რომლებიც შიიტურ პარტიას უმრავლესობას უქმნიდნენ. მათ შორისაა “ჰეზბოლას” ყველაზე მსხვილი კოალიციური პარტნიორი — ქრისტიანული პარტია “თავისუფალი პატრიოტული მოძრაობა”(FPM), რომელმაც წინა არჩევნებთან შედარებით ნაკლები მანდატი მიიღო.

მეორე მხრივ, წინანდელთან უკეთესი შედეგი აჩვენა “ჰეზბოლას” ცალსახა მოწინააღმდეგე პარტიამ “ლიბანური ძალები”. ამ შედეგით, FPM კარგავს პარლამენტის უმსხვილესი ქრისტიანული ჯგუფის სტატუსს “ლიბანური ძალების” სასარგებლოდ.

“თავისუფალი პატრიოტული მოძრაობის” უკუსვლა და “ლიბანური ძალების” წარმატება მნიშვნელოვანია იმ ფონზეც, რომ პარლამენტმა სულ რამდენიმე თვეში უნდა გადაირჩიოს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მიშელ აუნი, რომელიც სწორედ “თავისუფალი პატრიოტული მოძრაობის” დამფუძნებელია. ლიბანის პოლიტიკური სისტემის მიხედვით, პრეზიდენტი აუცილებლად ქრისტიანი უნდა იყოს.

ქალი ლიბანის ქალაქ ზაჰლას ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ. 15.05.2022 ფოტო: EPA

ლიბანის მოქმედი საპარლამენტო სისტემა სისხლისმღვრელი, 15-წლიანი სამოქალაქო ომის(1975-1990) შემდეგ განმტკიცდა. შეთანხმების პირობებით, ქვეყნის რელიგიურ კონფესიებს გარანტირებულად განესაზღვრათ მანდატების ოდენობა მთავრობასა და პარლამენტში.

ამ მოდელის თავდაპირველი იდეა პოლიტიკური სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცება იყო, თუმცა მრავალი მიიჩნევს, რომ სისტემა პოლიტიკურმა ლიდერებმა სათავისოდ გამოიყენეს, გაინაღდეს გავლენები ინსტიტუციებში და გააღრმავეს ნეპოტიზმი თუ კორუფცია.

ტრადიციულ პოლიტიკოსებს 2022 წლის არჩევნებისთვის გამოწვევა გამოუჩნდათ დამოუკიდებელი კანდიდატების სახით, რომლებიც ახლანდელი პოლიტიკური დღის წესრიგის მოწინააღმდეგეებად პოზიციონირებენ და მოქალაქეებს რეფორმებს ჰპირდებიან.

არაერთმა ახალმა კანდიდატმა ცნობადობა 2019 წლის აქციების დროს მოიპოვა და როგორც არჩევნების შედეგებიდან ჩანს, ქუჩის პროტესტის შემდეგ უკვე პარლამენტიდან გააგრძელებს ბრძოლას: არაერთი გავლენიანი პოლიტიკოსის მარცხის ფონზე, მათ ათზე მეტი მანდატი მიიღეს საკანონმდებლო ორგანოში. ეს რეკორდული რაოდენობაა დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის.

გასული კვირის არჩევნებზე  აისახა როგორც ლიბანის პოლიტიკური სისტემის მანკიერებები, ისე მიმდინარე კრიზისი:

დამკვირვებლები და სოციალური მედიის მომხმარებლები ავრცელებენ ვიდეოებს, რომლებშიც ჩანს, როგორ შეურაცხყოფენ პარტიების მხარდამჭერები კონკურენტებს და გავლენას ახდენენ ამომრჩეველთა ნებაზე ფულითა და სხვა საჩუქრებით.

“თავისუფალი პატრიოტული მოძრაობის”(FPM) ლიდერი ჯიბრან ბასილი არჩევნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 17.05.2022 ფოტო: EPA

მეორე მხრივ, არაერთ საარჩევნო უბანს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, რომელიც, საწვავთან ერთად, განსაკუთრებით დეფიციტურია ლიბანის ამჟამინდელ რეალობაში.

რა მოხდება ახლა?

NY Times-ის ბეირუთის ბიუროს ხელმძღვანელის სიტყვებით, ფაქტი, რომ ვერც ერთმა პარტიამ თუ ბლოკმა ვერ მოიპოვა მყარი უმრავლესობა, საფუძველს ქმნის ჩიხისთვის, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პარლამენტს ქვეყნის პრობლემების შესამსუბუქებლად აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაში.

ლიბანის საერთაშორისო დონორები ქვეყნისგან რიგ რეფორმებს ელიან ფინანსური დახმარების გაცემამდე. მსგავს ცვლილებებზე მუშაობა კი სათუოა მთავრობის გარეშე, რომლის დასაკომპლექტებლად მუშაობაც, შესაძლოა, კვირების ან თვეების მანძილზე გაგრძელდეს.

ამასთან, ელიან, რომ “ჰეზბოლას” საპარლამენტო ალიანსს, უმრავლესობის დაკარგვის ფონზე, იმაზე მეტი მოლაპარაკება და კომპრომისი მოუწევს, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.

თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ საპარლამენტო შედეგი შეარყევს “ჰეზბოლას” ლიბანის ქუჩებში, განსაკუთრებით კი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც პარტიის დასაყრდენად მიიჩნევა: იქ “ჰეზბოლას” ძალაუფლებას მისი შეიარაღებული მებრძოლები განსაზღვრავენ.

ანალიზური ქიმიის პროფესორი ნაჯათ სალიბა ერთ-ერთია დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის, რომელთაც არჩევნებში გამარჯვება შეძლეს. ის გარემოს დაცვის საკითხებზე ორიენტირდება. ფოტო: Facebook/Najat Aoun Saliba – نجاة عون صليبا

თუ “ჰეზბოლას” ირანი უჭერს მხარს, გასული კვირის არჩევნებით დაწინაურებული ქრისტიანული პარტია “ლიბანური ძალები” საუდის არაბეთის მხარდაჭერით სარგებლობს.

ლიბანი აქამდეც იყო ორი ქვეყნის მეტოქეობის ერთ-ერთი ობიექტი, არჩევნების შედეგმა კი, როგორც Reuters წერს, შესაძლოა, საუდის არაბეთს უფრო ფართოდ გაუხსნას კარი ლიბანში თავისი გავლენის გასაფართოებლად.

არანაკლებ საინტერესოა, როგორ იმუშავებენ პარლამენტში დამოუკიდებელი, რეფორმების მომხრე დეპუტატები, შეძლებენ თუ არა განსხვავებების მიუხედავად ერთად მოქმედებას და ტრადიციულ, გავლენიან პოლიტიკოსებზე გამკლავებას, რომელთაგან ბევრმა შეინარჩუნა სადეპუტატო მანდატი.

ლიბანის 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა უწინდელთან შედარებით დაბალი იყო. ქვეყნის შიგნით ხმის უფლების მქონე ამომრჩეველთა 41%-მა მისცა ხმა.

აღნიშნულის მიზეზებს შორის ასახელებენ როგორც მოქალაქეთა ნაწილის სკეპტიციზმს, ისე მიგრაციასა და საწვავის პრობლემას იმ ამომრჩეველთა შემთხვევაში, რომლებიც მშობლიურ რაიონებში უნდა დაბრუნებულიყვნენ ხმის მისაცემად.

მთავარი ფოტო: აქცია ბეირუთში, 2019 წლის საპროტესტო მოძრაობის დაწყებიდან 2 წლისთავზე. 17.10.2019 ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი