ახალი ამბები

აღარ უნდა ველოდოთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს EU-დან — ჩხიკვაძე გვარამიას დაკავებაზე

16 მაისი, 2022 • 2696
აღარ უნდა ველოდოთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს EU-დან — ჩხიკვაძე გვარამიას დაკავებაზე

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელის, ვანო ჩხიკვაძის განცხადებით, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირი „მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს“.

„როდესაც, პრინციპში, ყველამ იცის, რომ საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, როდესაც ევროკავშირმა უნდა იმსჯელოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ და როცა პარტნიორები აცხადებენ, რომ დავეხმაროთ მათ, რომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ და საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია და არ უნდა ველოდოთ რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ევროკავშირის მხრიდან.

ეს იქნება კიდევ ერთი გამოუყენებელი შესაძლებლობა, რომელმაც შეიძლება გვერდით ჩაგვიაროს. მომავალში კიდევ იქნება თუ არა მსგავსი შესაძლებლობა, ძალიან ძნელია ამის თქმა“, — აცხადებს ვანო ჩხიკვაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისი განცხადებით, ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ აღარ არის საჭირო, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ ევროკავშირის კითხვარის პასუხების გასაჯაროება მოითხოვოს.

„ამ გადაწყვეტილებით კითხვარი გასაჯაროებულია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს შესაძლებლობა კიდევ იქნება თუ არა ოდესმე მომავალში, ვერავინ ვეღარ იტყვის, რადგან ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ურტყამს რაზეც, მაგალითად, იმ ქვეყნებს, რომელთაც დიდად არ უნდათ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, კითხვები აქვთ. ეს არის მედიაზე ზეწოლა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ.

საოცარია, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მეორეც, ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმ დროს, როდესაც ევროკავშირთან ურთიერთობებში გზაჯვარედინზე ვდგავართ.

მე არ მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლება სწორი მიმართულებით მიდიოდეს“, – აცხადებს ჩხიკვაძე.

„რადიო თავისუფლების“ პრაღის რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის თანახმად, ევროკომისია საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მოსაზრებების დოკუმენტს 8 ან 15 ივნისს წარმოადგენს.„

„მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წარდგენილი ბრალდებების ერთ ნაწილში გვარამია გამართლდა, ერთ-ერთი ბრალდების შემთხვევაში დაჯარიმდა, კიდევ ერთი, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის შემთხვევაში კი — თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

წარსულში “საერთაშორისო გამჭვირვალობამ”(TI) და სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოში, სასამართლოს მეგობრის(Amicus Curiae) ფორმატში, ორი მოსაზრება წარადგინეს.

საქმის მასალების შესწავლის შემდეგ “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აღნიშნავდა, რომ არ დასტურდება გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტი.

სახალხო დამცველიც აცხადებდა, რომ კანონმდებლობებისა თუ სასამართლო პრაქტიკის ანალიზის მიხედვით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი